ექვთიმე (ესტატე კერესელიძე) დაიბადა 1865 წელს რაჭაში, სოფელ სადმელში, სოლომონ და მართა კერესელიძეების კეთილმორწმუნე ოჯახში. სადმელის სამრევლო სასწავლებლის დასრულების შემდგომ რაჭაში არსებული მძიმე ეკონომიური პირობების გამო თხუთმეტი წლის ყმაწვილი ესტატე გაემგზავრა ჯერ ქუთაისში, შემდგომ - თბილისში, სადაც ერთ-ერთი სასტუმროს მზარეულის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. აქ მან გაიცნო წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხაზინადარი და მოურავი, მაქსიმე როსტომის ძე შარაძე. მათ სხვა მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად თბილისში დააარსეს უფასო „საღმრთო წიგნთ-საკითხავი“, რომლის მიზანი მოსახლეობაში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცება და ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლდა და გავრცელება იყო. „საღმრთო წიგნ-საკითხავს“ სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე (+1907). ძველ ქართულ საეკლესიო გალობას საძმოს წევრები სწავლობდნენ ცნობილი მგალობლის, თავად მელქისედეკ ნაკაშიძისაგან, რომელიც ათონის წმიდა მთის ქართველთა სავანეში იყო განსწავლული.
1890-იანი წლებიდან მაქსიმე შარაძემ და ესტატე კერესელიძემ წმიდა ილია მართლის შუამდგომლობით შეიძინეს სტამბა, რომლის საშუალებითაც ინტენსიურად შეუდგნენ საღმრთო წიგნების ბეჭდვასა და გავრცელებას.
მაქსიმეს და ესტატეს მიმოწერა ჰქონდათ ათონის წმიდა მთაზე ქართველთა სავანის ბერებთან და მათგან ივერთა მონასტრის წიგნთსაცავიდან გადმოწერილ წმიდანთა ცხოვრებასა და ქადაგებებს ღებულობდნენ, ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ. მათ თავიანთი სტამბის საშუალებით ოცდახუთი წლის განმავლობაში დასტამბეს ოთხი ათასამდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა. ხალხი სამართლიანად უწოდებდა მათ სტამბას „ბერების სტამბას“, რადგან იქ მომუშავე ადამიანები გამოირჩეოდნენ კეთილმსახურებითა და წმიდა ცხოვრებით.
1891 წელს მაქსიმესა და ესტატეს ცნობილმა მომღერალმა და მოსიკოსმა ფილიმონ ქორიძემ, ევროპული სანოტო დამწერლობა შეასწავლა. ესტატე კერესელიძეს განსაკუთრებული ნიჭი და ლამაზი კალიგრაფია აღმოაჩნდა და ამიტომ ფილიმონ ქორიძე მას ანდობდა საგალობლოთა სანოტო ხელნაწერების გადათეთრებას.
XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ძალადობით გაუქმებას სავალალო შედეგები მოჰყვა: იძარცვებოდა და ნადგურდებოდა უძველესი ეკლესიის ფასდაუდებელი საუნჯე. ქართული საეკლესიო გალობაც გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა. საჩქაროდ უნდა გამონახულიყო გზა და საშუალება ქართული საეკლესიო კილოების დაფიქსირებისა, რადგან ძველი საგალობო დამწერლობის მცოდნენი დღითიდღე მცირდებოდნენ და ეს მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური საგანძური სამუდამოდ იკარგებოდა. წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის თაოსნობით 1884 წელს ქუთაისში დაარსებულმა ქართული გალობის აღმადგინებელმა კომიტეტმა შეკრიბა ძველი ქართული გალობის მცოდნე სასულიერო პირები და ერისკაცნი. ფილიმონ ქორიძემ ათასობით საგალობელი გადაიტანა ნოტებზე, რომლის დაბეჭდვა საკუთარი ხარჯებით თავს იდეს ესტატე კერესელიძემ და მაქსიმე შარაძემ.
1907 წელს, წმიდა ილია მართლის მოწამეობრივი აღსასრულიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა მაქსიმე შარაძე. ეს უდიდესი დანაკარგი ესტატე კერესელიძისთვის აუნაზღაურებელი დარჩა. დაღონებულ ესტატეს განსაცდელი უერთგულესი მეგობრის დაკარგვისთანავე ეწვია - მარტოდ დარჩენილ მოღვაწეს სტამბისა და მისი ქონების გაყოფას სთხოვდნენ; მისდა სავალალოდ ქონების ჩამონათვალში უძვირფასესი ხელნაწერებიც შედიოდა. რომელთა ნაწილი ჩამოართვეს და უცნობი მიმართულებით წაიღეს. საბედნიეროდ, სანოტო კრებულები საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნთსაცავში აღმოჩნდა, რომლის ხელმძღვანელი იმხანად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) იყო.
მალე ესტატე კერესელიძემ ჟურნალ „შინაური საქმეების“ რედაქტორის, მღვდელმოწამე სვიმონ მჭედლიძის დახმარებით სტამბა და ხელნაწერები ქუთაისში გადაიტანა. სამწუხაროდ, არსებული მძიმე ვითარების გამო მათი თანამშრომლობა არ შედგა. ქუთაისში ესტატემ კვლავ სცადა სანოტო კრებულების დაბეჭდვა, მაგრამ უბინაობის გამო გაიძარცვა ყუთები, სადაც დაბეჭდილი ყუთები ინახებოდა და დამწუხრებულმა მხოლოდ რამდენიმე მათგანს მიაგნო ქუთაისის ბაზარში ხორცის გამყიდველთან.
მალევე, ბახმაროში ყოფნისას გარდაიცვალა დიდი მოღვაწე ფილიმონ ქორიძე. მთელი ოცდაათი წლის ნაშრომი - ათეულობით ხელნაწერი ექვთიმეს პასუხისმგელობაში დარჩა. მხოლოდ მან იცოდა ამ საგანძურის რეალური ფასი.
ესტატე კერესელიძემ საბოლოოდ აირჩია მონაზვნობის გზა, რომლისათვისაც სიყრმიდანვე განიმზადებდა თავს. მას სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა იმ დროის უდიდესი მოსაგრე, ღირსი მამა ალექსი შუშანია.
1912 წლიდან იმერეთის ეპისკოპოსის გიორგი ალადაშვილის კურთხევით, ესტატე კერესელიძე მორჩილად განწესდა გელათის მონასტერში, ხოლო ამავე წლის 23 დეკემბერს ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის სახელზე ბერად აღკვეცა იღუმენმა ანთიმოზმა. 1913 წლის მაისიდან იგი იეროდიაკონია. ამ დროიდან იწყება ყველაზე დაძაბული მოღვაწეობა მამა ექვთიმესი. გელათი იყო ის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ ტიპიკონის სრული წესების დაცვით სრულდებოდა ღვთისმსახურება. მამა ექვითმემ გადაწყვიტა, ზედმიწევნით მოეწესრიგებინა ფილიმონ ქორიძის ნოტებზე გადატანილი საგალობლები და ტიპიკონის მიხედვით გაეწყო. ამისათვის მრავლად შეიძინა სანოტო ფურცლები და შეუდგა უმძიმეს და უდიდეს საქმეს - ხელნაწერი ნოტების მოწესრიგებასა და გადათეთრებას. 1917 წელს მამა ექვთიმე იმერეთის ეპისკოპოსის გიორგის მიერ ხელდასხმული იქნა მღვდელ-მონაზვნად. 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, მისი ავტორის - კოტე ფოცხვერაშვილის თხოვნით, მამა ექვთიმეს მიერ იქნა დასტამბული.
დადგა ავადსახსენებელი 1921 წელი. ქუთაისში კომუნისტური ხელისუფლების მოსვლისთანავე მამა ექვთიმე დაპატიმრებულ იქნა, როგორც ახალი წყობისათვის არასაიმედო პიროვნება. საბედნიეროდ, ბრალდების არქონის გამო რამდენიმე თვეში იგი გაათავისუფლეს. ეს იყო უმძიმესი პერიოდი დევნისა და შევიწროებისა; გელათის ბერები ყოველდღე ელოდნენ შეურაცხყოფასა და დარბევას. მღვდელ-მონაზონი ექვთიმე ამ წლებშიც კი აგრძელებდა საგალობლების კრებულებზე მუშაობას. „მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს ოქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!.. მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროსმჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ურევ!“ ამბობდა წმიდა მამა.
1923 წელს უღმერთო მთავრობის მიერ გელათის მონასტერი გაუქმებულად გამოცხადდა. გელათის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილს მისცეს რამდენიმე დღის ვადა, რათა სამუდამოდ დაეტოვებინა მონასტერი. შეძრწუნებულმა მამა ექვთიმემ იმის შიშით, რომ საგალობელთა ხელნაწერები არ განადგურებულიყო, ორმოცამდე უზარმაზარი კრებული ქუთაისში საიმედო ოჯახში გადამალა.
1924 წელს კომკავშირლებმა საძირკვლამდე დაანგრიეს წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის უზარმაზარი ტაძარი. იმავე წელს უღმრთოთა ხელით დახვრეტილ იქნა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი ერთგულ სასულიერო პირებთან ერთად. სასულიერო პირთა დევნა-განადგურების ისტერიამ პიკს მიაღწია.
მამა ექვთიმე იძულებული გახდა დაეტოვებინა გელათი და ხელნაწერები შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაეტანა. განსაცვიფრებელია, ასეთ დროს, როდესაც თბილისი-ქუთაისის გზაზე სრულიად უმიზეზოდ მოიკლა ათასობით ადამიანი, როგორ მოახერხა მამა ექვთიმემ ერთი ურემი ხელნაწერების ქუთაისიდან მცხეთაში მარტოდ-მარტომ გადატანა. ამ პერიოდში მღვდელ-მონაზონი ექვთიმე განწესებულ იქნა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც საგულდაგულოდ გადამალა სასწაულებრივად გადარჩენილი ხელნაწერები. 1925 წელს, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი მეტეხის ციხეშია დატყვევებული, ხოლო საქართველოს ეკლესიის უკლებლივ ყველა მსახური საშინელ დევნას განიცდის, საღმრთო განგებულებით მამა ექვთიმე კვლავაც აგრძელებს საეკლესიო გალობის იშვიათი ნიმუშების გადარჩენას. სვეტიცხოვლის ტაძრის წიგნთსაცავში მან მიაკვლია ძლისპირთა უძველეს ნივმირებულ კრებულს. ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობის საუკეთესო მცოდნე მოღვაწემ ეს საგალობლებიც ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადაიტანა.
1929 წლიდან მამა ექვთიმე ზედაზნის მონასტერში განაწესეს. მან ახლა აქ აიტანა ქართული გალობის ხელნაწერები და დიდ რკინის ყუთებში საიმედოდ დაცული მიწაში დაფლა.
თბილისის „მეტეხის“ მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა - დავით დავითაშვილმა, რომელიც ფარული ქრისტიანი იყო, ბეთანიის ბერებთან - წმიდა აღმსარებლებთან არქიმანდრიტ იოანე მაისურაძესა და გიორგი მხეიძესთან საუბრისას მწუხარება გამოთქვა ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი ძველი ქართული საგალობლების დაკარგვის გამო და როდესაც მათგან შეიტყო, ხსენებული ხელნაწერები ზედაზნის მონასტერში იღუმენ ექვთიმესთან ინახებაო, იმავე დღეს ზედაზნის მონასტისკენ გაეშურა.
შეიქმნა კომისია ისტორიკოსებისა და მუსიკოსების შემადგენლობით, რომელმაც ამ ხელნაწერების განსაკუთრებული ფასეულობა და დიდი ისტორიული მნიშვნელობა დაადასტურა. მამა ექვთიმემ 1935 წლის ნოემბერში სახელმწიფო მუზეუმს გადასცა; 34 სანოტო კრებული, რომელიც 6000-მდე საგალობლისგან შედგებოდა. ყველა ეს საგალობელი ამჟამად დაცულია კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში.
1944 წლის ზამთარში ზედაზნის მონასტერში მარტო მცხოვრები მამა ექვითმეს სანახავად ასულ სამთავროს მონასტრის დედებს წმიდანი უკვე ავადმყოფობისგან დასუსტებული დაუხვდათ, მამა ექვთიმემ დალოცა დედები და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. იგი დაკრძალეს ზედაზნის მონასტრის ეზოში, საკურთხეველთან.
ღირსი მამაჲ ჩვენი ანტონ მესვეტე, მარტყოფელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი (VI)
19 (01.02) იანვარი
როდესაც წმიდა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები გაგზავნა საქადაგებლად, მამა ანტონი კახეთში წავიდა. აქ მან მოვლო მრავალი ადგილი და უქადაგებდა ხალხს. მამა ანტონს თან ჰქონდა გულზე დაკიდებული ერთი აგური, რომელზედაც გამოხატული იყო ხელთუქმნელი სახე იესო ქრისტესი. ამ ხატის ძალით ის მრავალ სასწაულს ახდენდა.
შემდეგ წმიდა ანტონი დაბინავდა ლონოატის ხეობაში და იქ იწყო მოღვაწეობა. საზოგადოდ მამა ანტონს ძლიერ უყვარდა მარტოდ ყოფნა და ღვთის ვედრება. ამიტომაც მას „მარტომყოფელი“, ანუ, მოკლედ, „მარტყოფელი“ უწოდეს. მაგრამ იგი ისე ბევრ ხალხს იხილავდა თავისი წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით, რომ ხალხი არსად მოსვენებას არ აძლევდა. ზოგი მათგანი სრულებით არ შორდებოდა და მის მახლობლად დგებოდნენ. როცა ასეთ მსურველთა რიცხვმა ძალიან იმატა, მამა ანტონმა აღაშენა მათთვის მონასტერი ალაზნის გაღმით, თვითონ კი მოშორდა მათ, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი იქ, სადაც ახლა ახმეტა არის და იწყო მოღვაწეობა.
მაგრამ აქაც მალე მიაგნეს მას და იწყეს მასთან სიარული. ამიტომ მან ამ ადგილსაც დაანება თავი და აკრიანის მთა აირჩია საცხოვრებლად, რომელიც დაბურული იყო ტყით. აქ მან მთის მწვერვალზე თვითონ გამოქვაბა კლდე და დაგა მასში. დღე და ღამე მხურვალედ ლოცულობდა თავისი სასწაულმოქმედი ხატის წინ. პირველად იგი საზრდოობდა მცენარეული საჭმელით, მაგრამ შემდეგ ღვთის განგებამ სხვა საზრდო განუჩინა: მასთან მოდიოდნენ, როგორც მამა დავითთან ირმები და თვისი რძით კვებავდნენ მას.
ერთხელ ამ სოფლის მამასახლისი, რომელსაც ნორიო ერქვა, თავისი მხლებლებით ნადირობდა. ანტონის ირმებმა ამ დღეს ძლიერ დააგვიანეს და ბოლოს მოირბინეს. ძალიერ შეშინებულნი იყვნენ და ერთიც დაჭრილი იყო. მამა ანტონი გაკვირდა, არ იცოდა თუ მახლობლად სოფელი იყო. ადგა, დაიკიდა გულზე თავისი ხატი და უკან გაჰყვა ირმებს, უნდოდა შეეტყო, რამ შეაშინა ისინი. წმიდა ანტონი ერთბაშად შეხვდა მამასახლისს. ეს უკანასკნელი ძლიერ გაკვირდა, როცა დაინახა მოხუცებული ბერი, რომელსაც გულზე ხატი ეკიდა და ისე იდგა გარეულ ირემთა შორის, როგორც შინაურ პირუტყვებთან. დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ, რადგანაც მამა ანტონმა არ იცოდა ქართული ენა, მამასახლისი ვერას მიუხვდა. მას ანტონი საშიში კაცი ეგონა და ამიტომ ანიშნა, მარჯვენა ხელს მოგჭრიო, რომლითაც მამა ანტონი ანიშნებდა იმ მთას, სადაც ის ცხოვრობდა.
და მართლაც, მამასახლისმა უბრძანა მხლებლებს, წაეყვანათ ანტონი სამჭედლოში და იქ მოეჭრათ მისთვის ხელი. მჭედელმა გაახურა რკინა და უნდოდა შანთით მოეცილებია ხელი, მაგრამ ერთბაშად რკინაც გაუვარდა ხელიდან და თან ხელიც გაუშეშდა. მჭედელი შეშინდა და ენა ჩაუვარდა, აღარ იცოდა რა ექნა, მაგრამ წმიდა ანტონმა გადასახა ჯვარი და განკურნა. ამ სასწაულმა ყველა გააკვირვა. ყველაფერი იმ წამსვე მამასახილსს აცნობეს. მან მოიხმო წმიდა ანტონი და უთხრა: „მითხარი, რაც გსურს და აგისრულებო“. მამა ანტონმა ანიშნა, მიეცათ მისთვის ქვის მარილის ნატეხი. მათ მაშინვე მოუტანეს. ანტონი დაბრუნდა თავის გამოქვაბულში. მალე მისი ირმებიც დაბრუნდნენ, რომელთაც მისცა მარილი.
წმიდა ანტონის სახელი მოეფინა მახლობელ სოფლებს და მასთან იწყო სიარული აუარებელმა ხალხმა. აქ კიდევ უფრო ბევრი რამ ნახეს საკვირველი. ბევრი გაიტაცა მისი ცხოვრების წესმა, ზოგიერთებმა მისი მიბაძვა მოინდომეს და იწყეს მის მახლობლად ცხოვრება მისი კურთხევით. როცა მათმა რიცხვმა ძლიერ იმატა, მამა ანტონმა საჭიროდ ჩათვალა მათთვის მონასტრის აშენება. მონასტერი ააშენეს ტყიანი მთის მოედანზე, სადაც ახლა მამა ანტონის მონასტერია. თვითონ ანტონმა ააშენა თავისთვის მთის მწვერვალზე ექვსი საჟენი სვეტი ანუ კოშკი, იქ დაეყუდა და მოღვაწეობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში. მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდა მონასტერში ძმათა დასარიგებლად და ღვთის მსახურების აღსასრულებლად.
ბოლოს, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მოუწოდა თავის მოწაფეებს, დარიგება მისცა მათ და აკურთხა. გარდაცვალების დროს მამა ანტონი დაჩოქილი იყო მაცხოვრის ხატის წინაშე და ლოცულობდა.
გარდაცვალების შემდეგ მამა ანტონის პატიოსანი გვამი ჩამოასვენეს სვეტიდან მონასტერში და დიდის მოწიწებით დაკრძალეს ღვთისმშობლის ხატის წინაშე ტაძარში.
გიორგი იოსელიანი „ქართველი წმინდანები“ წიგნიდან „წმინდანთა ცხოვრება“, თბილისი, 1991 წ.
მეთორმეტე საუკუნეა. საქართველოში სრული მშვიდობიანობა სუფევდა, "სპანი მისნი განსვენებასა, ნადირობასა და ბურთაობასა" ანდომებდნენ დროს. ხოლო "წარჩინებულნი მარადის მეფეს წინაშე იყუნიან, განისვენებდიან და აღივსებოდიან საბოძვრითა მეფისა"-თა. ასეთი საერთო მხიარულების დროს "მოხედა რისხვითა მოწყალემან ღმერთმან სამკვიდრებელსა თჳსსა და მიიცვალა მეფე თამარ ჴმელსა დგომასა შინა, მოიწია მწუხარება (დიდი) და მიუთხრობელი (ყოველთა) მკჳდრთა საქართველოსათა".
ამდენმა შრომამ, ღვაწლმა, საფიქრალმა, ამდენმა ცრემლთა დენამ, გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველა ლიტანიობამ და მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ ჯანმრთელობა შეურყია თამარს და ნაჭარმაგევს, თავის საზაფხულო რეზიდენციაში ყოფნისას გამოაჩნდა მძიმე სენი. დიდხანს მალავდა და არ ამხელდა ავადმყოფობას დიდსულოვანი მეფე-ქალი, რადგანაც სხვის შეწუხებას ერიდებოდა, მაგრამ როდესაც ავადმყოფობა კიდევ უფრო გაუმძაფრდა, იძულებული გახდა გაემხილა თავისი უძლურება. თვითონვე ბრძანა მწარე ღიმილით: "დედობრივმან უძლურებამან განგრძობილთა შინა მხედრობათა არა თავს იდვა შეუმთხვეველად მიშვება აგებულებისა".
ნაჭარმაგევიდან თბილისს ჩამოიყვანეს მეფე, შემდეგ კი ხშირი ტყით დაფარულ მთაში წაიყვანეს - იქნებ ტყის სიმშვიდემ არგოსო, მაგრამ ვინაიდან "დიდად გაძნელდა სენი იგი უწყალო", ისევ თბილისის მახლობლად მიიყვანეს "აგარათა ციხესა". ვერანაირმა მკურნალობამ ვერ უშველა თამარს, ამაო აღმოჩნდა "მკურნალთა ხელოვნება". მთელი საქართველო ლოცულობდა და ლიტანიობდა "ცრემლთა დინებანი იხილვებოდა მდიდართა და გლახაკთანი სწორებით" - თამარის გადარჩენას შესთხოვდნენ ღმერთს, "გარნა მწოდებელი კართა ზედა დგა და მბრძანებელისა წინააღდგომაჲ შეუძლებელ იყო".
როდესაც სიკვდილის მოახლოება იგრძნო, თამარმა მოიწვია სამეფოს წარჩინებული პირები, ძალ-ღონე მოიკრიბა და მიმართა მათ: "ძმანო ჩემნო და შვილნო! მე ესერა მივიწოდები მსაჯულისაგან საშინელისა, უსაშინელესისა უფროჲს მეფეთა ქუეყანისათა, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი. თქუენ ყოველნი თჳთ მოწამე ხართ, რამეთუ თავისა ჩემისა თანა მაქუნდა სიყუარული თქუენი, და სარგებელსა და სათნოსა თქუენსა არა დავაკლე თვითეულისაებრ არზანგისა (პატივი), ვიდრემდის განგებითა ღმრთისათა ვიყავ თქუენ ზედა მეფედ. აწ მეცა წარვალ მამათა ჩუენთა თანა გზასა ჩემგან უცხოსა, ბრძანებითა საშინელითა და განყოფითა საკჳრველითა. გევედრები ყოველთა, რაჲთა მარადის კეთილთა შინა იყვნეთ მაჴსენებელ ჩემდა. აჰა, ესერა მკჳდრად სახლისა ჩემისა დაგიტევებ რომელნი მომცნა ღმერთმან შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან. ეგენი მიიხუენით ჩემ წილ და მაგათ აღმოგივსონ დაკლებული ჩემი". შემდეგ მაცხოვრის ხატს და ცხოველმყოფელ ჯვარს შეავედრა საქართველო, მშვიდობა უსურვა ყველას, უკანასკნელად შეავლო თვალი ერთგულ ქვეშევრდომებს, სასოებით გადაისახა პირჯვარი და წარმოთქვა: "ქრისტე, ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულთა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა" და "მშვიდობით დაიძინა სარეცელსა ზედა თჳსსა" (თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს (ივ. ჯავახიშვილი, თ. ჟორდანია, ი. ლოლაშვილი, ნ. ბერძენიშვილი) ზოგი მეცნიერი თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად სხვა წელს მიიჩნევს (კორნელი კეკელიძემ თამარის გარდაცვალების თარიღად 1216 წელი მიიჩნია, ხოლო ს. კაკაბაძემ - 1207 წელი, თ. ნატროშვილის, გ. ჯაფარიძის და შ. დარჩაშვილის მტკიცებით, თამარი 1210 წელს გარდაიცვალა) სარწმუნოებისა და მამულისათვის დამაშვრალმა მეფემ უფალს შეავედრა ჯერ ქვეყანა, რომლისთვისაც ასე თავდაუზოგავად იღვწოდა, მერე ხალხი, რომელსაც დედობრივი მზრუნველობით პატრონობდა, შემდეგ საკუთარი შვილები და სულ ბოლოს თავისი სული. ესეც არის ალბათ გასაღები თამარის წარმატებული მეფობისა. თავისთავად ამგვარი დამოკიდებულებისთვის, ასეთი ცხოვრების წესისათვის დაჯილდოვდა იგი ამქვეყნად მორჭმული მეფობით და იმქვეყნად - წმინდანთა დასის წევრობით.
"საქართველომ დაჰკარგა დიდებული მეფე და მოამაგე. თავისი საუკეთესო მშვენება და სიამაყე. იგი თუმცა ქალი იყო და მეუღლე ჰყავდა, მაგრამ ნამდვილი ქვეყნის გამგე იყო, სახელმწიფო მართვა გამგეობაში აქტიურს მონაწილეობას იღებდა და სახელმწიფოს საჭე მტკიცედ ეპყრა ხელთ. თამარს გვერდს ედგნენ დიდებულნი, რომელთა ერთნებაობითა და თანადგომით იგი ხელმძღვანელობდა ხოლმე. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ქმარი ჰყავდა, დავით სოსლანი, ყველაფერი, რაც ხდებოდა საქართველოს სახელმწიფოში, მისის სახელითა კეთდებოდა ხოლმე: ჯარის შეყრა, ომისათვის მომზადება და ლაშქრობაც კი ყოველთვის მომხდარა "ბრძანებითა თამარისთა". თამარი, მაშასადამე, ნამდვილ სახელმწიფო მოღვაწედ და ხელმძღვანელად უნდა ჩაითვალოს. დავით სოსლანი კი მხოლოდ ქმარი იყო მეფისა და მხოლოდ ამის გამო მეფეც" (ივანე ჯავახიშვილი).
დიდად იგლოვა სრულიად საქართველომ თამარის გარდაცვალება. ძაძით შეიმოსა დიდი და პატარა, ყველა მუხლს იყრიდა მისი კუბოს წინაშე. მათი გოდება იყო მსგავსი "მოოხრებისა იერუსალიმისანი იერემიას მიერ მგოდებელისა". თამარის წმინდა ცხედარი ჯერ მცხეთაში დაასვენეს, ხოლო შემდეგ გელათში გადააბრძანეს და თავის სახელოვან წინაპრებთან ერთად მეფეთა სამარხში დაკრძალეს.
"რადგანაც მთელი სიცოცხლე თამარისა იყო განხორციელება სახარების სწავლისა, ამის გამო მთელმა საქართველოს ერმა იგი აღიარა წმინდანად და თაყვანსა სცემს არა მარტო როგორც სამაგალითო დედოფალს, არამედ როგორც წმინდანსაც" (იაკობ გოგებაშვილი). #უფალოშეგვიწყალენ
ერთხელ, ქუჩაში სეირნობისას, უწმინდეს ეფრემს მიტროპოლიტ ათანასესთვის (ჩახვაშვილი) უთქვამს: "ციმბირის შრომა-გასწორების კოლონიაში მეთვალყურედ სპეციალურად ებრაელი კაცი დამინიშნეს, რომელიც ქრისტიანებს განსაკუთრებულად ემტერებოდა. მისგან ბევრი ტანჯვა და დამცირება გადავიტანე. პირდაპირ მეტყოდა: "უარყავი ქრისტე, თუ გინდა, თავი გადაირჩინო, თუ არადა, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო". როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მუქარით ვერაფერს გახდებოდა, წამების მრავალ ხერხს მიმართავდა ჩემს წინააღმდეგ. ერთხელ, ზამთარში შიშველ სხეულზე ყინულის დიდი ლოდები დამადო და ასე ცოცხლად მკლავდა..." როგორც მამა დემეტრესთვის (დავითაშვილი) გახდა ცნობილი, "მოგვიანებით ეს კაცთმოძულე ზედამხედველი სხვა ბანაკში გადაუყვანიათ. განსაზღვრული დროის შემდეგ კი, როცა ეტაპით ახალი ნაკადი შემოჰყავდათ, პატიმართა შორის ისიც ამოუცნიათ. ყველას გახსენებია მისი სისასტიკე და აღარავის მიუკარებია სიახლოვეს, ხოლო როცა მის დამცირებას შეეცადნენ, ისევ მეუფე ეფრემს გაუწოდებია დახმარების ხელი, შეუკედლებია და თავისი საწოლი დაუთმია. სიკეთის ძალას იმხელა ზემოქმედება მოუხდენია მასზე, რომ ქრისტიანად მონათლულა".
18 (31) იანვარი - ხსენება ღირსისა ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, +1923)
წმიდა ალექსი (შუშანია) დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს. აქ მან დიდი ნიჭიერება გამოიჩინა, მაგრამ მალე მძიმედ დაავადდა, სწავლა ვეღარ გააგრძელა და მამამ ოზურგეთში წაიყვანა, სადაც თავად ვაჭრობდა.
ალექსის 1868 წელს გარდაეცვალა მამა. სიკვდილის წინ მან დალოცა შვილი და ანდერძად დაუბარა, ეზრუნა ოჯახისათვის. ამ დროს მომავალი მღვდელმონაზონი 16 წლის იყო.
ამავე წელს ალექსი იერუსალიმში გაემგზავრა და იქაური სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კი კონსტანტინეპოლში ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან, რომელიც იყო დიდვაჭარი და ამასთან, ფრიად განსწავლული კაცი, მცოდნე მრავალი აღმოსავლური ენისა, დიდად ღვთისმოსავი.
ბიძასთან ყოფნის ჟამს ალექსი შეეჩვია ვაჭრებს და იმდენად მოეწონა ეს ხელობა, რომ თავადაც ვაჭრად გახდომა მოუნდა, მაგრამ ღვთის განგებამ სხვა გზა უჩვენა.
ალექსიმ ბიძას გამოართვა წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ხატი, თავის ოთახში განმარტოვდა და დაეწყო დიდი შინაგანი ბრძოლა: ცალკე საერო ცხოვრება იზიდავდა თავისი ახალგაზრდული სიამოვნებით, დედის, ბებიის, ძმის და ტოლ-სწორებისადმი სიყვარულით, ცალკე კი უხილავი ძალა მოუწოდებდა წმიდა და მაღალი ცხოვრებისაკენ. ასეთ ბრძოლაში გავიდა რამდენიმე საათი. ბოლოს ალექსიმ იკითხა: „რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას? “ უხილავმა მოძღვარმა კითხვითვე უპასუხა: „ეხლა რომ მოკვდე, ვინ გაარიგებს შენს საქმეს?” ალექსიმ მიუგო: „ღმერთი! “ კვლავ გაისმა ხმა: „მაშინ შენც მოკვდი ღვთისათვის საწუთროისაგან და ღმერთს მიანდევი ყოველივე შენი საქმე და იგი გაარიგებს.”
შემდგომ ამისა ალექსი საოცრად გამოიცვალა: თითქმის გამუდმებით, თვეობით იჯდა თავის ოთახში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს და მკაცრად მარხულობდა.
ალექსის ამგვარმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინეპოლზე გული აუცრუა და მალე ყველანი საქართველოში დაბრუნდნენ.
შინ დაბრუნებულმა ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ ბერად აღკვეცის აღთქმა დადო. დები და ძმა დიდად შეწუხდნენ, დედამ კი მადლობა შესწირა ღმერთს და დალოცა შვილი.
ალექსი თეკლათის დედათა მონასტერში ავიდა, საერო სამოსელი განიძარცვა და ბერულ მოღვაწეობის გზას შეუდგა. ამ დროს ალექსი 20 წლის იყო. იმ დღიდან მან მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. დადიოდა სოფლებში, უვლიდა ჭლექით, ქოლერით და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულებს, მარხავდა უპატრონო მიცვალებულებს.
ასე განვლო რამდენიმე წელმა. ერთხანს ალექსი სალოსურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი ძლიერი მქადაგებელი იყო ღვთის სიტყვისა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილი მაგალითი იყო მრავალთათვის. მისი ქადაგების გავლენით მალე მონაზვნად აღიკვეცნენ დედამისი ელენე, უმცროსი და სალომე და ძმა ბესარიონიც. ბესარიონმა მოილოცა იერუსალიმის სიწმიდენი, იქ რამდენიმე წლის განმავლობაში იღვწოდა, შემდეგ კი მარტვილის მონასტერში მღვდლად ეკურთხა, მიიღო სქემაც და, ბოლოს, აღესრულა.
თავად ალექსიმაც იღვაწა ათონზე, გადაწერა მრავალი წიგნი. ათონიდან მობრუნებულმა დიდი სასოებით მოილოცა კიევის მღვიმეთა მონასტერი, საქართველოში დაბრუნდა და კვლავ განაგრძო თავისი ჩვეული მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და კეთილი საქმეებით.
დაახლოებით 1885 წელს ალექსი შუშანია დაემკვიდრა გელათის მონასტერში, სადაც მრავალი საღვთო წიგნი შეისწავლა და გადაწერა. 1886 წელს იგი გადაყვანილ იქნა დიაკვნად, ხოლო 1888 წელს კი – მღვდელ-მონაზვნად.
1890 წელს ალექსი ბერი ავადმყოფობის გამო თეკლათის მონასტერში დაემკვიდრა თავის მონაზონ დედასთან და დებთან ერთად.
ღვთის განგებით, 1891 წელს ალექსი ბერმა ბერული სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში, ე.წ. მთავარანგელოზთა გორაზე. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა ამ სავანეში დაყუდებულ მოღვაწეობას. მამა ალექსის ჯანმრთელობაც ისე გამოუკეთდა, რომ წირვა-ლოცვის შესრულება შეეძლო. შემოწირულ თანხას იგი სამ ნაწილად ჰყოფდა: ერთ ნაწილს გადადებდა პირადი საჭიროებისათვის, მეორეს – ეკლესიისა და სტუმართათვის, მესამეს კი – დავრდომილთა და გლახაკთათვის. როდესაც მკაცრმა ასკეტურმა მოღვაწეობამ ფიზიკურად გატეხა, მოწაფეები დაითხოვა და ბოლო, დაახლოებით 1915 წლის შემდგომ წლებში, ვიდრე ამიერ ქვეყნიდან განსვლამდე, თავის სქემონაზონ ბიძაშვილებს, დებს – აკეფსიმასა და ფასტოს იხმარებდა.
1898 წლიდან ალექსი ბერმა დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. სენაკში მას ჰქონდა კაცის სიმაღლის ხის ჯვარი, რომელსაც ლოცვის დროს ზურგით იპყრობდა ხოლმე, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა, ჯვრის ასე პყრობა გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს აგონებდა. მნახველთა მისაღებად მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდა.
მიუხედავად ალექსი ბერის მკაცრი, ასკეტური ცხოვრება-მოღვაწეობისა, ის მაინც საოცრად ახლოს იყო ხალხთან, ახერხებდა მათთან სულიერ სიახლოვეს .
ხანგრძლივი მოღვაწეობით დამაშვრალი ბერი 1923 წლის 18 იანვარს მიიცვალა.
ღვთის წყალობით და უფლისმიერი მინიშნებით ალექსის აღკვეცამდე მისმა შუათანა დამ, სოფიომ მიიღო დედისგან ლოცვა-კურთხევა და მონაზვნად აღიკვეცა ახლად დაარსებულ თეკლათის დედათა მონასტერში. თავად ალექსი ნააღდგომევს აპირებდა სოფლისგან განშორებას. დაიწყო კიდეც მზადება აღთქმის შესასრულებლად: დიდი მარხვა მკაცრად იმარხა-დღეგამოშვებით იღებდა საზრდელს, დიდ ხუთშაბათს ეზიარა. დიდ პარასკევს, ღამით, მან იხილა ჩვენება: თითქოს საკვირველ ტაძარში შევიდა. ამბიონზე ბარძიმითა და საზიარებელი კოვზით იდგა თავად მაცხოვარი, რომელმაც აზიარა მომავალი წმიდანი. ეს ჩვენება ღირსმა უფლის ნებად მიიღო, დიდ შაბათს მღვდლის წინაშე გულწრფელად აღიარა თავისი ცოდვები და ეზიარა.
გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში ალექსი ბერი ყოველდღე ეცხადებოდა სქემმონაზონ ფასტოს, რომელიც თავის დასთან, სქემოსან აკეფსიმასთან ერთად მამა ალექსის სავანეში დარჩა სამოღვაწეოდ.
ქრისტეს მოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა, ფასტომ და აკეფსიმამ, წმიდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ კი მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.
1960 წლის 8 იანვარს ფასტომ და აკეფსიმამ იმჟამად ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის ლოცვა-კურთხევით მამა ალექსის უხრწნელი გვამი თეკლათის დედათა მონასტრიდან თავის სავანეში გადაასვენეს და დაკრძალეს ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად.
წმიდა ანტონი დიდი ეგვიპტის სოფელ კომაში მცხოვრები დიდგვაროვანი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა 251 წელს. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, უმცროსი და „შეჰვედრა მეცნიერთა მისთა მორწმუნეთა ქალწულთა და მისცა იგი სიქალწულესა განზრდად”, თვითონ კი თავისი სოფლის მახლობლად ერთ ქოხში დაეყუდა და მოსაგრე ცხოვრება დაიწყო. ანტონი საკუთარი შრომის ნაყოფით ირჩენდა თავს და მოწყალებასაც გასცემდა. ცდილობდა, გულმოდგინედ აღესრულებინა უფლის მცნებები, „რამეთუ ისმენნ იგი წიგნთა, სადა ყოველივე წერილი არა დავარდებოდა მისგან, არამედ დაისწავებდა ზეპირით”. დროდადრო ანტონი სხვა ბერებთანაც მიდიოდა სულიერი გამოცდილების მისაღებად და ცდილობდა, ყოველგვარ სათნოებათა შესაკრებელი შექმნილიყო. იგი სიხარულს ჰგვრიდა ყველას, არავის აწუხებდა. სოფლელებს და მეგობრებსაც უყვარდათ ღვთისმოყვარე მამა, „რომელნიმე ვითარცა შვილსა, რომელნიმე ვითარცა ძმასა მოიკითხვიდა“. კეთილმოძულე და მოშურნე ეშმაკმა „ვერ თავს-იდვა, ხედვიდა რაჲ ჭაბუკისა მის თანა ესოდენსა გულმოდგინებასა” და ფიცხელი ბრძოლა დაუწყო მას – საშინელ განსაცდელებს ატეხდა თავს.
ანტონის სმენოდა წიგნთაგან, „ვითარმედ მრავალ არიან მანქანებანი მტერისანი” და ცდილობდა ხორცი დაემონებინა - „ნუუკუე სხჳთ ვსძლე, და სხჳთ მაცთუნოს”. წმიდანმა გაამკაცრა ღვაწლი: საზრდელს დღეში ერთხელ, ზოგჯერ კი ორ-სამ დღეში ერთხელ ღებულობდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა, ძალიან ცოტა ეძინა. „ხოლო სარეცლად მისა იყო ჭილი, და უფროჲსღა ქუეყანასა ზედა წეჳნ”. მარად იხსენებდა მოციქულის სიტყვებს: „რაჟამს უძლურ ვიქმნი, მაშინ განვძლიერდი”.
ამის შემდეგ წმიდანი, სოფლისგან მოშორებით, აკლდამაში დაემკვიდრა. აქ ეშმაკები შეეცადნენ, მოეკლათ ღვთის რჩეული, თავს დაეცნენ და სასტიკად გვემეს იგი, ვითარმედ ვერ შესაძლებელ არს იგი კაცთაგან ეგოდენი ტანჯვაჲ და გუემაჲ ყოფად”. ღმერთმა არ დაუშვა ანტონის სიკვდილი: მეორე დღეს საზრდელის მოსატანად მოსულმა ჭაბუკმა იპოვა ცოცხალ-მკვდარი მოსაგრე და სოფელში ჩაიყვანა. სოფლელებს წმიდანი მკვდარი ეგონათ და მის დასამარხად იწყეს მზადება, მაგრამ, შუაღამისას, ანტონი გონს მოვიდა და შეევედრა მეგობარს, „აღკიდებად და მიღებად სამარედვე და არავის განღჳიძებად” – მისი სიმტკიცე აღემატებოდა მტრის ძლიერებას. დემონები მაინც არ ცხრებოდნენ, ველურ მხეცებად და ქვეწარმავლებად გარდაისახნენ და ცდილობდნენ, არჩეული ადგილიდან დაეძევებინათ ბერი. წმიდა მამა ჯვრის საჭურველით განასხმიდა მათ. უეცრად ზეცით გარდამომავალი ბრწყინვალე ნათელი გამოჩნდა. ანტონი წყლულებისგან განიკურნა, წამოდგა და ნეტარებით ჰხადა უფალს: „სადა იყავ, რა არა პირველვე გამოჩნდი, რაჲთამცა სალმობანი ჩემნი დააცხრვენ”? პასუხად გაისმა: „აქა ვიყავ, ანტონ, არამედ მოველოდე ხილვად შენსა სიმჴნესა. ხოლო აწ, რამეთუ დაუთმე და არა იხილე, გექმნე შენ მარადის შემწე, და იყო შენ სახელოვან ყოველსა ქუეყანასა”. ამ დროს წმიდა მამა 35 წლის იყო. მან, უკვე დემონებთან ბრძოლაში საკმაოდ გამოცდილებით აღჭურვილმა, გადაწყვიტა, თებაიდის უდაბნოს სიღრმეში შესულიყო და იქ განეგრძო მოღვაწეობა მარტოდმარტო, სრულ მდუმარებაში. ეშმაკი ცდილობდა, შეეჩერებინა მანამდე არნახულ ღვაწლს შემდგარი ბერი, ძვირფასეულობა და ოქრო დაუყარა წინ, ანტონმა კი გულგრილად ჩაუარა მათ და გზა განაგრძო. ერთი მთის მახლობლად ღირსმა მამამ მიტოვებული საკერპო შენიშნა, აქ დასახლდა და შემოსასვლელი ქვებით ამოქოლა. მოწაფეს მასთან წელიწადში ორჯერ მოჰქონდა საზრდელი, წყალს კი გალავანს შიგნით მდებარე ჭიდან იღებდა. სრულ მდუმარებაში გაატარა ღირსმა ანტონმა 20 წელი. უფლის ნებით მისი სამყოფელი გაცხადდა, სულიერი მოღვაწეობის მრავალმა მსურველმა მიაშურა უდაბნოს, ღირსი მამა სიყვარულით მოძღვრავდა სულიერ შვილებს.
311 წელს ეკლესიას განსაცდელის ჟამი დაუდგა: იმპერატორმა მაქსიმიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო. მოწამეობრივი აღსასრულის მაძიებელი ანტონი ალექსანდრიაში ჩავიდა. იგი აშკარად ემსახურებოდა პყრობილ ქრისტიანებს, ესწრებოდა მათ გასამართლებას, დაკითხვებს, მაგრამ მტარვალები მას არც შეხებიან: უფალმა არც ახლა ინება მისი სიკვდილი.
დევნის შეწყვეტის შემდეგ ნეტარი მოსაგრე დაუბრუნდა მეუდაბნოეობის ღვაწლს. ღმერთმა თავის რჩეულს სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: იგი ეშმაკებს განასხმიდა და სნეულებს კურნავდა. მნახველების სიმრავლე არღვევდა წმიდა მამის მყუდროებას, ამიტომ ის კიდევ უფრო შორს, „შიდა უდაბნოში” შევიდა და მთის მწვერვალზე დაემკვიდრა. ბერებმა მოძებნეს საყვარელი მოძღვარი და სთხოვეს, ზოგჯერ მაინც მოენახულებინა ისინი.
კიდევ ერთხელ მოუხდა ღირს ანტონს უდაბნოს დატოვება მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად მანიქეველთა და არიანელთა ცრუ სწავლებისაგან. არიანელებმა იცოდნენ, თუ რა დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ანტონი დიდი და ხმები დაჰყარეს, იგი ჩვენი სწავლების მიმდევარიაო. ამ ცილისწამების გასაქარვებლად ჩავიდა ნეტარი მამა ალექსანდრიაში და საჯაროდ შეაჩვენა ბილწი მწვალებლობა. ღირს ანტონისთან მოდიოდნენ წარმართი ფილოსოფოსები და ცდილობდნენ, თავიანთი ამაო ბრძნობით მოეტეხათ იგი, მაგრამ წმიდანი თავისი მარტივი და დამაჯერებელი პასუხებით სირცხვილეულ ჰყოფდა მათ.
მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე დიდი (+337, ხს. 21 მაისს) და მისი ძეები ანტონი დიდის მხურვალე თაყვანისმცემლები იყვნენ. მათ დედაქალაქში მოიწვიეს წმიდა მამა, მაგრამ მან არ ისურვა მეუდაბნოე ძმების დატოვება, იმპერატორები კი საპასუხო ეპისტოლით გააფრთხილა, არ გაამაყებულიყვნენ თავიანთი მაღალი მდგომარეობით და მარად ხსომებოდათ მომავალი სამსჯავრო: „უწყოდეთ, რამეთუ ქრისტე მეუფე არს”.
ღირსმა ანტონიმ 85 წელი დაჰყო უდაბნოში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან მოუწოდა ძმებს და ასე დამოძღვრა ისინი: „ისწრაფდით უფროჲსღა მიახლებად მარადის თავთა თქუენთა უფალსა და მერმე წმიდათა მისთა, რაჲთა სიკუდილისა შემდგომად საუკუნეთა მათ საყოფელთა, ვითარცა მეგობართა და მეცნიერთა, შეგიწყნარნენ თქუენ მათცა”. შემდეგ ანტონიმ ითხოვა, მისი გვამი იქვე უდაბნოში დაეფლათ და არ მოეწყოთ მისი დიდებული გადასვენება ალექსანდრიაში. ღირსი ანტონი მშვიდობით მიიცვალა 357 წელს, 105 წლის ასაკში. მისი ნეშტი ორმა მოწაფემ, მოძღვრის ანდერძისამებრ, უდაბნოში, ერთ განკრძალულ ადგილას მიაბარა მიწას.
ღირსი ანტონის ცხოვრება დაწვრილებით აღწერა წმიდა მღვდელმთავარმა ათანასე ალექსანდრიელმა. ეს ნაშრომი მართლმადიდებლური აგიოგრაფიის პირველი და ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. იოანე ოქროპირი წერდა, იგი ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოსო.
წმიდა ანტონიმ მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომელიც დღესაც ასაზრდოებს ქრისტიანთა სულებს.
544 წელს ღირსი მამის უხრწნელი ნაწილები ალექსანდრიაში გადაასვენეს. XV საუკუნეში კი ისინი არასში (საფრანგეთში), წმიდა ივლიანეს სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი
16 (29) იანვარი
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი. დაახლოებით 42 წელს, ჰეროდე აგრიპას ბრძანებით, პეტრე მოციქული მაცხოვრის სიტყვის ქადაგებისთვის შეიპყრეს და ჯაჭვით შეკრული საკანში გამოკეტეს. „ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს”. და აი, მოხდა სასწაული: „ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრჱსსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: „აღდეგ ადრე და დასცუეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა”. ანგელოზმა დახშულ კარებში გაატარა და სამშვიდობოს გამოიყვანა მოციქული (საქმე, 12,11-11). ქრისტიანებმა შეძლეს მოეპოვებინათ ეს ჯაჭვები და შეინახეს, როგორც სიწმიდე. მათთან რწმენით მიახლოებული სნეულები იკურნებოდნენ სხვადასხვა სალმობათაგან. ჯაჭვები იერუსალიმის ტაძარში ინახებოდა პატრიარქ იუბენალის დრომდე. ამ უკანასკნელმა კი იგი თეოდოსი უმცროსის მეუღლეს, ევდოკიას აჩუქა. ევდოკიამ სიწმინდე კონსტანტინეპოლში ჩაიტანა, შემდეგ კი ერთი ჯაჭვი თავის ასულს, ევდუქსიას გაუგზავნა. ევდუქსიამ რომში ტაძარი ააგო პეტრე მოციქულის სახელზე და სიწმიდე იქ დაასვენა. რომში ინახებოდა სხვა ჯაჭვებიც, რომლითაც თავი მოციქული თავისი ნეტარი აღსასრულის წინ იყო შეკრული. ყოველი წლის 16 იანვარს ამ სიწმინდეებს გამოაბრძანებდნენ ხოლმე თაყვანსაცემად.
☦️წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს) უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
სალომე უჯარმელი მირიან მეფის (ხს. 1 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი იყო. პეროჟავრაც ქართლის ერისთავის მეუღლე გახლდათ. მათ დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის“ - წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთეს და მუდამ იწვრთნებოდნენ წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.
ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.
ღვთის განგებით, წმიდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცმემლები, რომელთა შორისაც იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელიც. დედოფლებს „გამოსდიოდეს ნაკადულნი ცრემლთანი თუალთაგან მათთა განშორებისათვის მოძღვრისა მოღუაწისა და სნეულთა მკურნალისა“. მათ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულ წმიდანს ჰკითხეს: „ვინაჲ ანუ ვითარ მოშუერ შენ ქუეყანასა ჩუენსა, მაუწყე ჩუენ საქმე შენი! რაჲსა იტყჳ ტყვეობასა, ტყვეთა მხსნელო სანატრელო?“
წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15 იანვარს, წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს.
🇬🇪 1799 წელს გიორგი XII-მ, იგივე ზაქიჭამიამ, რუსეთის იმპერატორ პავლე I-ს რუსეთ-ქართლ-კახეთის ხელშეკრულების შესწორებები გაუგზავნა, რომლის შინაარსი შემდდგომში მდგომარეობდა:
1. ქართლ-კახეთის მეფე იღებს ვალდებულებას, რომ პირნათლად შეასრულოს ყველაფერი, რასაც რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომები ასრულებენ. იგი აღიარებს ყველა კანონსა და ბრძანებას, რომელსაც რუსეთის იმპერატორი გამოსცემს, ცნობს რუსეთის იმპერატორს საკუთარ ხელმწიფედ და თვითმპყრობლად.
2. გიორგი XII ითხოვს, რომ ის დარჩეს ქართლ-კახეთის მეფედ, ხოლო მის შემდეგ ქართლ-კახეთის მეფეებად დამტკიცდნენ მისი მემკვიდრეები, რომლებიც რუსეთის იმპერიის ერთგული ქვეშევრდომები იქნებიან.
3. ქართლ-კახეთის სამეფოში რუსეთის საიმპერატორო კარის მიერ დადგენილი მმართველობა და კანონები უნდა გატარდეს, მაგრამ ის მისაღები უნდა იყოს ქართველი ხალხისათვის.
4. თავის მხრივ, ქართლ-კახეთის მეფეებს რუსეთის იმპერატორის ბრძანებულების გარეშე უფლება არ უნდა ჰქონდეთ საკუთარი კანონების გამოცემისა.
6. ქართლ-კახეთის სამეფოს მთელი შემოსავალი უნდა გადაეცეს რუსეთის იმპერიის ხელისუფლებას საჭიროების შემთხვევაში.
7. გიორგი XII ქართლ-კახეთის ციხე-სიმაგრეებში ექვსი ათასიანი მუდმივი ჯარის ჩაყენებას ითხოვს.
8. ქართლ-კახეთის საგარეო პოლიტიკა სრულიად იქნება შეთანხმებული რუსეთის იმპერიასთან და რუსეთი უზრუნველყოფს თავისი ქვეშევრდომების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს.
▪️ეს იყო კატასტროფული შეცდომა.
📌რუსეთი ამას შემდგომ გამოიყენებს თავისი ქმედებების გასამართლებლად.
⌛️ 1799 წლის ნოემბრიდან ქართლ-კახეთში მასობრივად იწყებენ რუსული ჯარები შემოსვლას.
📝 ამ შესწორებების საფუძველზე რუსეთი ეტაპობრივად იწყებს კონტროლს როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკაზე, საკვანძო თანამდებობებზე კი თავისი ხალხის დანიშვნას.
🕰️ გიორგი მე XII გარდაიცვალა 28 დეკემბერს. ▪️ქვეყანაში კი სრული ქაოსი და ანარქია სუფევდა.
🔖 რუსეთმა ეს შესწორებები საბაბად გამოიყენა და 1801 წლის 12 სექტემბერს გამოიცა ალექსანდრე პირველის მანიფესტი ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების შესახებ.
⚔️ ცხადია, ქართლ-კახეთის მოსახლეობა ამას კატეგორიულად არ დაეთანხმა და დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, ორი დიდი აჯანყება მოაწყო 1804 და 1812-1813 წლებში. ▪️მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე აჯანყება რუსებმა წარმატებით ჩაახშეს.
🔹ამაში კი მათ ძალიან დაეხმარა ის კადრები, რომლებიც მათ დანიშნეს საკვანძო თანამდებობზე 1799-1800 წლებში.
❗️რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიას უნდოდა ქართლ-კახეთის დაპყრობა, ისევე როგორც სრულიად კავკასიისა, მაგრამ ცდილობდა, ეს ძალიან ფრთხილად გაეკეთებინა.
🔸გიორგი მე XII-მ კი, თავისი უნიათო და უგუნური პოლიტიკით, ხელი შეუწყო რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას!
ღირსი მამები, სინასა და რაითში მოწყვეტილნი მოღვაწეობდნენ სინას მთაზე და მის მახლობლად, მეწამული ზღვის ნაპირას მდებარე რაითის სავანეში -„ქუაბთა და მთათა და ნაპრალთა ქუეყანისათა“. ბერები საოცრად თავშეკავებული, ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდნენ: მთელი კვირის მანძილზე მდუმარებაში იმყოფებოდნენ, ერთმანეთისგან ფარულად მოღვაწეობდნენ და მხოლოდ შაბათსა და კვირას, ღვთისმსახურებაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს; იკვებებოდნენ მცირეოდენი ფინიკითა და წყლით, პურს საერთოდ არ ღებულობდნენ. „და იყვნეს იგინი, ვითარცა ანგელოზნი ღმრთის მსახურებასა შინა და პირნი მათნი ყჳთელ იყვნეს და ჴორცნი მათნი დამჭნარ მარხვითა და ღამის თევითა”.
312 წელს, ქრისტეშობიდან მესამე დღეს სინას მონასტერს სარკინოზები დაეცნენ და საშინელი ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს. ტაძრის მახლობლად მყოფმა ბერებმა კოშკს შეაფარეს თავი და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შეწევნას. ღმერთმაც წყალობის თვალით მოხედა თავის რჩეულებს და „აჩვენა თავსა ზედა მის მთისასა ცეცხლი ფრიად დიდი, რამეთუ ყოველი იგი მთაჲ კუამოდა, და ცეცხლი აღიწეოდა ვიდრე ცადამდე.” სარკინოზები საოცარმა სახილველმა დააფრთხო და გაიქცნენ, „ზოგი აქლემებისა მათისაჲ და საჭურველისა მათისაჲ დაყარეს შიშისაგან “.
მეორე დღეს ცოცხლად გადარჩენილმა მონაზვნებმა იწყეს „სვლად მთასა მას გარემო სენაკებსა მონაზონთასა“. 38 მოკლული ჰპოვეს, ორიც - მძიმედ დაჭრილი. საშინელი სახილველი იყო მოხუცი, ღვაწლმოსილი ბერების ცხედრები: „რომელსამე თავი მისი ტყავითა ოდენ ეკიდა ქედსა მისსა, და სხუაჲ ყოველადვე ორად განკუეთილ იდვა. და რომელსამე წყლულებათა სიმრავლითა თუალნი წამოცჳვნებულ იყვნეს, და სხუაჲ ჴელით და ფერჴით დაჭრილი იდვა, ვითარცა ჴუნდი”. იმედოვნებდნენ, რომ დაჭრილთაგან ერთი – ამბა საბა გადარჩენოდა, მაგრამ თავად იგი ძლიერ წუხდა ამის გამო, „ტიროდა და იგლოვდა და იტყოდა: ვაჲ მე, რომელმან ვიხილე ნავთსადგური მეუფისაჲ და ვერ შევედ მას შინა”. ის მხურვალედ ევედრებოდა უფალს, არ განეშორებინა იმ წმიდა მამებისგან, რომლებიც მისი სახელისათვის სიკვდილის ღირსნი შეიქნენ. ღმერთმა წყალობით მოხედა ბერს და წმიდათა მოწყვეტიდან ოთხი დღის შემდეგ მისი სულიც შეივედრა. „და აღასრულა ღმერთმან მის მიერ რიცხჳ მათი რიცხჳსაებრ წმიდათა ორმეოცთაჲსა”.
როგორც გაირკვა, სწორედ ამ დღეს საშინელი სისხლისღვრა გაჩაღებულა რაითშიც. რაითის მონასტერს ზღვიდან თავს დაესხნენ არაბთა ტომები – აბაშები, „რიცხჳ მათი ვითარ სამას კაც”. ამ დროს მონასტერში ორასამდე ერისკაცი იმყოფებოდა ოჯახით, ისინი აღსდგნენ ცოლ-შვილისა და სავანის ბერების დასაცავად, მაგრამ ვერას გახდნენ – ბრძოლაში გამოცდილმა და რაოდენობითაც აღმატებულმა მტერმა დაამარცხა და „წარტყუენეს ყრმები და დედები მათ თანა “.
ამის შემდეგ უღმრთოებმა ტაძარს თავშეფარებულ ბერებამდეც მიაღწიეს: „ვითარცა მჴეცნი მძჳნვარენი რბიოდეს და ჴმობდეს ჴმითა მაღლითა და უშუერითა “. მონასტრის წინამძღვარმა –პავლემ განამტკიცა ძმები, შემდეგ კი საკურთხევლისკენ პირმიქცეულმა ზეცად აღაპყრო ხელები და უფალს შემწეობა სთხოვა.
ამასობაში უღმრთოებმა ტაძრის კარებთან მჯდომი იერემია შეიპყრეს და წინამძღვრის ჩვენება მოსთხოვეს. „არა გიჩუენო თქუენ მამასახლისი ჩუენი“ - მტკიცედ უპასუხა ბერმა. უსჯულოებმა ხელ-ფეხი შეუკრეს „და დაადგინეს იგი შიშუველი და ესრეთ ესროდეს მას ისრითა, ვიდრემდის აღივსნეს ჴორცნი მისნი”. წმიდა იერემია არც განძრეულა, სიხარულით და მადლობით დაითმინა სატანჯველი და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.
როცა ეს პავლემ იხილა, გამოეყო ძმებს და განაცხადა: „აჰა, ესერა ვარ მე, რომელსა მეძიებთ”. უსჯულოებმა ახლა მას მიჰმართეს ცემით და გადამალული განძის ჩაბარება მოსთხოვეს, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ ვერაფერს მიიღებდნენ, ერთმა მათგანმა მახვილით თავი გაუპო წმიდანს „და დაეცა იგი მკუდარი შემდგომად დიდსა ტანჯვისა”.
ამის შემდეგ მეომრები ღრიალით შეიჭრნენ ტაძარში და დაერივნენ წმიდა მამებს: „იწყეს ცემად მათთა მახჳლითა, ვითარცა ვის უნდა: რომელსამე თავი წარჰკუეთეს და რომელიმე ორად განკუეთეს და რომელსამე მახჳლითა ნაწლევნი გამოუსხნიან გარე და რომელსამე მჴარსა ეხეთქნა და ორად განეპო, ვიდრე მკერდამდე, ვიდრემდის ესრÅთ მოწყვდნეს წმიდანი იგი მამანი “.
უღმრთოებს ძლიერ მოეწონათ ამბა სოლომონის ვაჟი, თხუთმეტი წლის სერგი და გადაწყვიტეს, თან წაეყვანათ იგი. როცა ყრმამ იხილა, რომ „არა მოჰკლავენ მას მოყუასთავე თჳსთა თანა და ეგულების წარყვანებაჲ მისი მათ თანა”, ჯერ მწარედ ატირდა, შემდეგ კი ძალა მოიკრიბა, განაგდო შიში, „აღიღო მახჳლი ერთი მათგანისაჲ და უხეთქნა მჴარსა ოდენ ჰაბაშისასა” - სიკვდილის მაძიებელს მტრის განრისხება სურდა. მიაღწია კიდეც თავისას: „ყოველნი განრისხნეს მის ზედა და დაჭრეს იგი მახჳლითა”.
როცა ხოცვა – ჟლეტისაგან მოიცალეს, ბარბაროსებმა ტაძრისა და სენაკების ჩხრეკა დაიწყეს – განძს ეძიებდნენ. „არა უწყოდეს უბადრუკთა, ვითარმედ არარაჲ აქუნდა წმიდათა მათ ქვეყანასა ზედა, არამედ ცათა შინა აქუს საფასÅ და სიხარული წარუვალი ქრისტÅს მიერ უფლისა ჩვენისა”. უსჯულოების სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა – მათ ტყვედ წასხმული ქალები და ბავშვებიც დახოცეს, მაგრამ თვითონაც საშინელი სასჯელი დაატყდათ თავს – მოყვასთა დასახმარებლად მოსულ ქრისტიანთა ლაშქარს ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა.
ამ დღეს აღსრულებული მამები „მონანი იყვნეს. ღმრთისანი, კეთილნი და რჩეულნი, და ღირს ყვნა იგინი ღმერთმან სიხარულისა სასუფეველისა მისისასა. ვევედრნეთ წმიდათა მათ, რაჲთა ითხოვონ ჩუენთჳს შეწევნაჲ.“
სინა-რაითის მამათა მოწყვეტა აღგვიწერა ამ მოვლენების თვითმხილველმა, ეგვიპტელმა ბერმა ამონიოსმა. მსგავსი უბედურება დატრიალებულა ამ მონასტერში ასი წლის შემდეგაც, რაზეც დაღუპვას სასწაულებრივად გადარჩენილმა ნილოს მმარხველმა (ხს. 12 ნოემბერს ) მოგვითხრო.
სინასა და რაითის მონასტრებში ამ დღეებში გაბრწყინებული წმიდანებიდან მხოლოდ რამოდენიმეს სახელია ცნობილი: საბა, ისაია, მოსე, მოწაფე მისი მოსე, იერემია, პავლე, ადამი, სერგი, დომნი, პროკლე, ისააკი, იპატი, მაკარი, მარკოზი, ბენიამინი, ევსევი და ილია.
icons orthodoxy
ექვთიმე (ესტატე კერესელიძე) დაიბადა 1865 წელს რაჭაში, სოფელ სადმელში, სოლომონ და მართა კერესელიძეების კეთილმორწმუნე ოჯახში. სადმელის სამრევლო სასწავლებლის დასრულების შემდგომ რაჭაში არსებული მძიმე ეკონომიური პირობების გამო თხუთმეტი წლის ყმაწვილი ესტატე გაემგზავრა ჯერ ქუთაისში, შემდგომ - თბილისში, სადაც ერთ-ერთი სასტუმროს მზარეულის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. აქ მან გაიცნო წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხაზინადარი და მოურავი, მაქსიმე როსტომის ძე შარაძე. მათ სხვა მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად თბილისში დააარსეს უფასო „საღმრთო წიგნთ-საკითხავი“, რომლის მიზანი მოსახლეობაში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცება და ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლდა და გავრცელება იყო. „საღმრთო წიგნ-საკითხავს“ სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე (+1907).
ძველ ქართულ საეკლესიო გალობას საძმოს წევრები სწავლობდნენ ცნობილი მგალობლის, თავად მელქისედეკ ნაკაშიძისაგან, რომელიც ათონის წმიდა მთის ქართველთა სავანეში იყო განსწავლული.
1890-იანი წლებიდან მაქსიმე შარაძემ და ესტატე კერესელიძემ წმიდა ილია მართლის შუამდგომლობით შეიძინეს სტამბა, რომლის საშუალებითაც ინტენსიურად შეუდგნენ საღმრთო წიგნების ბეჭდვასა და გავრცელებას.
მაქსიმეს და ესტატეს მიმოწერა ჰქონდათ ათონის წმიდა მთაზე ქართველთა სავანის ბერებთან და მათგან ივერთა მონასტრის წიგნთსაცავიდან გადმოწერილ წმიდანთა ცხოვრებასა და ქადაგებებს ღებულობდნენ, ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ. მათ თავიანთი სტამბის საშუალებით ოცდახუთი წლის განმავლობაში დასტამბეს ოთხი ათასამდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა. ხალხი სამართლიანად უწოდებდა მათ სტამბას „ბერების სტამბას“, რადგან იქ მომუშავე ადამიანები გამოირჩეოდნენ კეთილმსახურებითა და წმიდა ცხოვრებით.
1891 წელს მაქსიმესა და ესტატეს ცნობილმა მომღერალმა და მოსიკოსმა ფილიმონ ქორიძემ, ევროპული სანოტო დამწერლობა შეასწავლა. ესტატე კერესელიძეს განსაკუთრებული ნიჭი და ლამაზი კალიგრაფია აღმოაჩნდა და ამიტომ ფილიმონ ქორიძე მას ანდობდა საგალობლოთა სანოტო ხელნაწერების გადათეთრებას.
XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ძალადობით გაუქმებას სავალალო შედეგები მოჰყვა: იძარცვებოდა და ნადგურდებოდა უძველესი ეკლესიის ფასდაუდებელი საუნჯე. ქართული საეკლესიო გალობაც გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა. საჩქაროდ უნდა გამონახულიყო გზა და საშუალება ქართული საეკლესიო კილოების დაფიქსირებისა, რადგან ძველი საგალობო დამწერლობის მცოდნენი დღითიდღე მცირდებოდნენ და ეს მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური საგანძური სამუდამოდ იკარგებოდა.
წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის თაოსნობით 1884 წელს ქუთაისში დაარსებულმა ქართული გალობის აღმადგინებელმა კომიტეტმა შეკრიბა ძველი ქართული გალობის მცოდნე სასულიერო პირები და ერისკაცნი. ფილიმონ ქორიძემ ათასობით საგალობელი გადაიტანა ნოტებზე, რომლის დაბეჭდვა საკუთარი ხარჯებით თავს იდეს ესტატე კერესელიძემ და მაქსიმე შარაძემ.
1907 წელს, წმიდა ილია მართლის მოწამეობრივი აღსასრულიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა მაქსიმე შარაძე. ეს უდიდესი დანაკარგი ესტატე კერესელიძისთვის აუნაზღაურებელი დარჩა. დაღონებულ ესტატეს განსაცდელი უერთგულესი მეგობრის დაკარგვისთანავე ეწვია - მარტოდ დარჩენილ მოღვაწეს სტამბისა და მისი ქონების გაყოფას სთხოვდნენ; მისდა სავალალოდ ქონების ჩამონათვალში უძვირფასესი ხელნაწერებიც შედიოდა. რომელთა ნაწილი ჩამოართვეს და უცნობი მიმართულებით წაიღეს. საბედნიეროდ, სანოტო კრებულები საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნთსაცავში აღმოჩნდა, რომლის ხელმძღვანელი იმხანად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) იყო.
მალე ესტატე კერესელიძემ ჟურნალ „შინაური საქმეების“ რედაქტორის, მღვდელმოწამე სვიმონ მჭედლიძის დახმარებით სტამბა და ხელნაწერები ქუთაისში გადაიტანა. სამწუხაროდ, არსებული მძიმე ვითარების გამო მათი თანამშრომლობა არ შედგა. ქუთაისში ესტატემ კვლავ სცადა სანოტო კრებულების დაბეჭდვა, მაგრამ უბინაობის გამო გაიძარცვა ყუთები, სადაც დაბეჭდილი ყუთები ინახებოდა და დამწუხრებულმა მხოლოდ რამდენიმე მათგანს მიაგნო ქუთაისის ბაზარში ხორცის გამყიდველთან.
მალევე, ბახმაროში ყოფნისას გარდაიცვალა დიდი მოღვაწე ფილიმონ ქორიძე. მთელი ოცდაათი წლის ნაშრომი - ათეულობით ხელნაწერი ექვთიმეს პასუხისმგელობაში დარჩა. მხოლოდ მან იცოდა ამ საგანძურის რეალური ფასი.
ესტატე კერესელიძემ საბოლოოდ აირჩია მონაზვნობის გზა, რომლისათვისაც სიყრმიდანვე განიმზადებდა თავს. მას სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა იმ დროის უდიდესი მოსაგრე, ღირსი მამა ალექსი შუშანია.
1912 წლიდან იმერეთის ეპისკოპოსის გიორგი ალადაშვილის კურთხევით, ესტატე კერესელიძე მორჩილად განწესდა გელათის მონასტერში, ხოლო ამავე წლის 23 დეკემბერს ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის სახელზე ბერად აღკვეცა იღუმენმა ანთიმოზმა. 1913 წლის მაისიდან იგი იეროდიაკონია. ამ დროიდან იწყება ყველაზე დაძაბული მოღვაწეობა მამა ექვთიმესი. გელათი იყო ის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ ტიპიკონის სრული წესების დაცვით სრულდებოდა ღვთისმსახურება. მამა ექვითმემ გადაწყვიტა, ზედმიწევნით მოეწესრიგებინა ფილიმონ ქორიძის ნოტებზე გადატანილი საგალობლები და ტიპიკონის მიხედვით გაეწყო. ამისათვის მრავლად შეიძინა სანოტო ფურცლები და შეუდგა უმძიმეს და უდიდეს საქმეს - ხელნაწერი ნოტების მოწესრიგებასა და გადათეთრებას.
1917 წელს მამა ექვთიმე იმერეთის ეპისკოპოსის გიორგის მიერ ხელდასხმული იქნა მღვდელ-მონაზვნად. 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, მისი ავტორის - კოტე ფოცხვერაშვილის თხოვნით, მამა ექვთიმეს მიერ იქნა დასტამბული.
დადგა ავადსახსენებელი 1921 წელი. ქუთაისში კომუნისტური ხელისუფლების მოსვლისთანავე მამა ექვთიმე დაპატიმრებულ იქნა, როგორც ახალი წყობისათვის არასაიმედო პიროვნება. საბედნიეროდ, ბრალდების არქონის გამო რამდენიმე თვეში იგი გაათავისუფლეს. ეს იყო უმძიმესი პერიოდი დევნისა და შევიწროებისა; გელათის ბერები ყოველდღე ელოდნენ შეურაცხყოფასა და დარბევას. მღვდელ-მონაზონი ექვთიმე ამ წლებშიც კი აგრძელებდა საგალობლების კრებულებზე მუშაობას. „მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს ოქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!.. მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროსმჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ურევ!“ ამბობდა წმიდა მამა.
1923 წელს უღმერთო მთავრობის მიერ გელათის მონასტერი გაუქმებულად გამოცხადდა. გელათის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილს მისცეს რამდენიმე დღის ვადა, რათა სამუდამოდ დაეტოვებინა მონასტერი. შეძრწუნებულმა მამა ექვთიმემ იმის შიშით, რომ საგალობელთა ხელნაწერები არ განადგურებულიყო, ორმოცამდე უზარმაზარი კრებული ქუთაისში საიმედო ოჯახში გადამალა.
1924 წელს კომკავშირლებმა საძირკვლამდე დაანგრიეს წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის უზარმაზარი ტაძარი. იმავე წელს უღმრთოთა ხელით დახვრეტილ იქნა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი ერთგულ სასულიერო პირებთან ერთად. სასულიერო პირთა დევნა-განადგურების ისტერიამ პიკს მიაღწია.
მამა ექვთიმე იძულებული გახდა დაეტოვებინა გელათი და ხელნაწერები შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაეტანა. განსაცვიფრებელია, ასეთ დროს, როდესაც თბილისი-ქუთაისის გზაზე სრულიად უმიზეზოდ მოიკლა ათასობით ადამიანი, როგორ მოახერხა მამა ექვთიმემ ერთი ურემი ხელნაწერების ქუთაისიდან მცხეთაში მარტოდ-მარტომ გადატანა.
ამ პერიოდში მღვდელ-მონაზონი ექვთიმე განწესებულ იქნა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც საგულდაგულოდ გადამალა სასწაულებრივად გადარჩენილი ხელნაწერები. 1925 წელს, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი მეტეხის ციხეშია დატყვევებული, ხოლო საქართველოს ეკლესიის უკლებლივ ყველა მსახური საშინელ დევნას განიცდის, საღმრთო განგებულებით მამა ექვთიმე კვლავაც აგრძელებს საეკლესიო გალობის იშვიათი ნიმუშების გადარჩენას. სვეტიცხოვლის ტაძრის წიგნთსაცავში მან მიაკვლია ძლისპირთა უძველეს ნივმირებულ კრებულს. ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობის საუკეთესო მცოდნე მოღვაწემ ეს საგალობლებიც ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადაიტანა.
1929 წლიდან მამა ექვთიმე ზედაზნის მონასტერში განაწესეს. მან ახლა აქ აიტანა ქართული გალობის ხელნაწერები და დიდ რკინის ყუთებში საიმედოდ დაცული მიწაში დაფლა.
თბილისის „მეტეხის“ მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა - დავით დავითაშვილმა, რომელიც ფარული ქრისტიანი იყო, ბეთანიის ბერებთან - წმიდა აღმსარებლებთან არქიმანდრიტ იოანე მაისურაძესა და გიორგი მხეიძესთან საუბრისას მწუხარება გამოთქვა ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი ძველი ქართული საგალობლების დაკარგვის გამო და როდესაც მათგან შეიტყო, ხსენებული ხელნაწერები ზედაზნის მონასტერში იღუმენ ექვთიმესთან ინახებაო, იმავე დღეს ზედაზნის მონასტისკენ გაეშურა.
შეიქმნა კომისია ისტორიკოსებისა და მუსიკოსების შემადგენლობით, რომელმაც ამ ხელნაწერების განსაკუთრებული ფასეულობა და დიდი ისტორიული მნიშვნელობა დაადასტურა. მამა ექვთიმემ 1935 წლის ნოემბერში სახელმწიფო მუზეუმს გადასცა; 34 სანოტო კრებული, რომელიც 6000-მდე საგალობლისგან შედგებოდა. ყველა ეს საგალობელი ამჟამად დაცულია კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში.
1944 წლის ზამთარში ზედაზნის მონასტერში მარტო მცხოვრები მამა ექვითმეს სანახავად ასულ სამთავროს მონასტრის დედებს წმიდანი უკვე ავადმყოფობისგან დასუსტებული დაუხვდათ, მამა ექვთიმემ დალოცა დედები და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. იგი დაკრძალეს ზედაზნის მონასტრის ეზოში, საკურთხეველთან.
5 hours ago | [YT] | 354
View 3 replies
icons orthodoxy
ღირსი მამაჲ ჩვენი ანტონ მესვეტე, მარტყოფელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი (VI)
19 (01.02) იანვარი
როდესაც წმიდა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები გაგზავნა საქადაგებლად, მამა ანტონი კახეთში წავიდა. აქ მან მოვლო მრავალი ადგილი და უქადაგებდა ხალხს. მამა ანტონს თან ჰქონდა გულზე დაკიდებული ერთი აგური, რომელზედაც გამოხატული იყო ხელთუქმნელი სახე იესო ქრისტესი. ამ ხატის ძალით ის მრავალ სასწაულს ახდენდა.
შემდეგ წმიდა ანტონი დაბინავდა ლონოატის ხეობაში და იქ იწყო მოღვაწეობა. საზოგადოდ მამა ანტონს ძლიერ უყვარდა მარტოდ ყოფნა და ღვთის ვედრება. ამიტომაც მას „მარტომყოფელი“, ანუ, მოკლედ, „მარტყოფელი“ უწოდეს. მაგრამ იგი ისე ბევრ ხალხს იხილავდა თავისი წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით, რომ ხალხი არსად მოსვენებას არ აძლევდა. ზოგი მათგანი სრულებით არ შორდებოდა და მის მახლობლად დგებოდნენ. როცა ასეთ მსურველთა რიცხვმა ძალიან იმატა, მამა ანტონმა აღაშენა მათთვის მონასტერი ალაზნის გაღმით, თვითონ კი მოშორდა მათ, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი იქ, სადაც ახლა ახმეტა არის და იწყო მოღვაწეობა.
მაგრამ აქაც მალე მიაგნეს მას და იწყეს მასთან სიარული. ამიტომ მან ამ ადგილსაც დაანება თავი და აკრიანის მთა აირჩია საცხოვრებლად, რომელიც დაბურული იყო ტყით. აქ მან მთის მწვერვალზე თვითონ გამოქვაბა კლდე და დაგა მასში. დღე და ღამე მხურვალედ ლოცულობდა თავისი სასწაულმოქმედი ხატის წინ. პირველად იგი საზრდოობდა მცენარეული საჭმელით, მაგრამ შემდეგ ღვთის განგებამ სხვა საზრდო განუჩინა: მასთან მოდიოდნენ, როგორც მამა დავითთან ირმები და თვისი რძით კვებავდნენ მას.
ერთხელ ამ სოფლის მამასახლისი, რომელსაც ნორიო ერქვა, თავისი მხლებლებით ნადირობდა. ანტონის ირმებმა ამ დღეს ძლიერ დააგვიანეს და ბოლოს მოირბინეს. ძალიერ შეშინებულნი იყვნენ და ერთიც დაჭრილი იყო. მამა ანტონი გაკვირდა, არ იცოდა თუ მახლობლად სოფელი იყო. ადგა, დაიკიდა გულზე თავისი ხატი და უკან გაჰყვა ირმებს, უნდოდა შეეტყო, რამ შეაშინა ისინი. წმიდა ანტონი ერთბაშად შეხვდა მამასახლისს. ეს უკანასკნელი ძლიერ გაკვირდა, როცა დაინახა მოხუცებული ბერი, რომელსაც გულზე ხატი ეკიდა და ისე იდგა გარეულ ირემთა შორის, როგორც შინაურ პირუტყვებთან. დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ, რადგანაც მამა ანტონმა არ იცოდა ქართული ენა, მამასახლისი ვერას მიუხვდა. მას ანტონი საშიში კაცი ეგონა და ამიტომ ანიშნა, მარჯვენა ხელს მოგჭრიო, რომლითაც მამა ანტონი ანიშნებდა იმ მთას, სადაც ის ცხოვრობდა.
და მართლაც, მამასახლისმა უბრძანა მხლებლებს, წაეყვანათ ანტონი სამჭედლოში და იქ მოეჭრათ მისთვის ხელი. მჭედელმა გაახურა რკინა და უნდოდა შანთით მოეცილებია ხელი, მაგრამ ერთბაშად რკინაც გაუვარდა ხელიდან და თან ხელიც გაუშეშდა. მჭედელი შეშინდა და ენა ჩაუვარდა, აღარ იცოდა რა ექნა, მაგრამ წმიდა ანტონმა გადასახა ჯვარი და განკურნა. ამ სასწაულმა ყველა გააკვირვა. ყველაფერი იმ წამსვე მამასახილსს აცნობეს. მან მოიხმო წმიდა ანტონი და უთხრა: „მითხარი, რაც გსურს და აგისრულებო“. მამა ანტონმა ანიშნა, მიეცათ მისთვის ქვის მარილის ნატეხი. მათ მაშინვე მოუტანეს. ანტონი დაბრუნდა თავის გამოქვაბულში. მალე მისი ირმებიც დაბრუნდნენ, რომელთაც მისცა მარილი.
წმიდა ანტონის სახელი მოეფინა მახლობელ სოფლებს და მასთან იწყო სიარული აუარებელმა ხალხმა. აქ კიდევ უფრო ბევრი რამ ნახეს საკვირველი. ბევრი გაიტაცა მისი ცხოვრების წესმა, ზოგიერთებმა მისი მიბაძვა მოინდომეს და იწყეს მის მახლობლად ცხოვრება მისი კურთხევით. როცა მათმა რიცხვმა ძლიერ იმატა, მამა ანტონმა საჭიროდ ჩათვალა მათთვის მონასტრის აშენება. მონასტერი ააშენეს ტყიანი მთის მოედანზე, სადაც ახლა მამა ანტონის მონასტერია. თვითონ ანტონმა ააშენა თავისთვის მთის მწვერვალზე ექვსი საჟენი სვეტი ანუ კოშკი, იქ დაეყუდა და მოღვაწეობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში. მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდა მონასტერში ძმათა დასარიგებლად და ღვთის მსახურების აღსასრულებლად.
ბოლოს, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მოუწოდა თავის მოწაფეებს, დარიგება მისცა მათ და აკურთხა. გარდაცვალების დროს მამა ანტონი დაჩოქილი იყო მაცხოვრის ხატის წინაშე და ლოცულობდა.
გარდაცვალების შემდეგ მამა ანტონის პატიოსანი გვამი ჩამოასვენეს სვეტიდან მონასტერში და დიდის მოწიწებით დაკრძალეს ღვთისმშობლის ხატის წინაშე ტაძარში.
გიორგი იოსელიანი „ქართველი წმინდანები“
წიგნიდან „წმინდანთა ცხოვრება“, თბილისი, 1991 წ.
1 day ago | [YT] | 782
View 11 replies
icons orthodoxy
31 იანვარი ~ წმინდა თამარ მეფის გარდაცვალება.
- 18 (31) იანვარი
მეთორმეტე საუკუნეა. საქართველოში სრული მშვიდობიანობა სუფევდა, "სპანი მისნი განსვენებასა, ნადირობასა და ბურთაობასა" ანდომებდნენ დროს. ხოლო "წარჩინებულნი მარადის მეფეს წინაშე იყუნიან, განისვენებდიან და აღივსებოდიან საბოძვრითა მეფისა"-თა. ასეთი საერთო მხიარულების დროს "მოხედა რისხვითა მოწყალემან ღმერთმან სამკვიდრებელსა თჳსსა და მიიცვალა მეფე თამარ ჴმელსა დგომასა შინა, მოიწია მწუხარება (დიდი) და მიუთხრობელი (ყოველთა) მკჳდრთა საქართველოსათა".
ამდენმა შრომამ, ღვაწლმა, საფიქრალმა, ამდენმა ცრემლთა დენამ, გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველა ლიტანიობამ და მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ ჯანმრთელობა შეურყია თამარს და ნაჭარმაგევს, თავის საზაფხულო რეზიდენციაში ყოფნისას გამოაჩნდა მძიმე სენი. დიდხანს მალავდა და არ ამხელდა ავადმყოფობას დიდსულოვანი მეფე-ქალი, რადგანაც სხვის შეწუხებას ერიდებოდა, მაგრამ როდესაც ავადმყოფობა კიდევ უფრო გაუმძაფრდა, იძულებული გახდა გაემხილა თავისი უძლურება. თვითონვე ბრძანა მწარე ღიმილით: "დედობრივმან უძლურებამან განგრძობილთა შინა მხედრობათა არა თავს იდვა შეუმთხვეველად მიშვება აგებულებისა".
ნაჭარმაგევიდან თბილისს ჩამოიყვანეს მეფე, შემდეგ კი ხშირი ტყით დაფარულ მთაში წაიყვანეს - იქნებ ტყის სიმშვიდემ არგოსო, მაგრამ ვინაიდან "დიდად გაძნელდა სენი იგი უწყალო", ისევ თბილისის მახლობლად მიიყვანეს "აგარათა ციხესა". ვერანაირმა მკურნალობამ ვერ უშველა თამარს, ამაო აღმოჩნდა "მკურნალთა ხელოვნება". მთელი საქართველო ლოცულობდა და ლიტანიობდა "ცრემლთა დინებანი იხილვებოდა მდიდართა და გლახაკთანი სწორებით" - თამარის გადარჩენას შესთხოვდნენ ღმერთს, "გარნა მწოდებელი კართა ზედა დგა და მბრძანებელისა წინააღდგომაჲ შეუძლებელ იყო".
როდესაც სიკვდილის მოახლოება იგრძნო, თამარმა მოიწვია სამეფოს წარჩინებული პირები, ძალ-ღონე მოიკრიბა და მიმართა მათ: "ძმანო ჩემნო და შვილნო! მე ესერა მივიწოდები მსაჯულისაგან საშინელისა, უსაშინელესისა უფროჲს მეფეთა ქუეყანისათა, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი. თქუენ ყოველნი თჳთ მოწამე ხართ, რამეთუ თავისა ჩემისა თანა მაქუნდა სიყუარული თქუენი, და სარგებელსა და სათნოსა თქუენსა არა დავაკლე თვითეულისაებრ არზანგისა (პატივი), ვიდრემდის განგებითა ღმრთისათა ვიყავ თქუენ ზედა მეფედ. აწ მეცა წარვალ მამათა ჩუენთა თანა გზასა ჩემგან უცხოსა, ბრძანებითა საშინელითა და განყოფითა საკჳრველითა. გევედრები ყოველთა, რაჲთა მარადის კეთილთა შინა იყვნეთ მაჴსენებელ ჩემდა. აჰა, ესერა მკჳდრად სახლისა ჩემისა დაგიტევებ რომელნი მომცნა ღმერთმან შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან. ეგენი მიიხუენით ჩემ წილ და მაგათ აღმოგივსონ დაკლებული ჩემი". შემდეგ მაცხოვრის ხატს და ცხოველმყოფელ ჯვარს შეავედრა საქართველო, მშვიდობა უსურვა ყველას, უკანასკნელად შეავლო თვალი ერთგულ ქვეშევრდომებს, სასოებით გადაისახა პირჯვარი და წარმოთქვა: "ქრისტე, ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულთა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა" და "მშვიდობით დაიძინა სარეცელსა ზედა თჳსსა" (თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს (ივ. ჯავახიშვილი, თ. ჟორდანია, ი. ლოლაშვილი, ნ. ბერძენიშვილი) ზოგი მეცნიერი თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად სხვა წელს მიიჩნევს (კორნელი კეკელიძემ თამარის გარდაცვალების თარიღად 1216 წელი მიიჩნია, ხოლო ს. კაკაბაძემ - 1207 წელი, თ. ნატროშვილის, გ. ჯაფარიძის და შ. დარჩაშვილის მტკიცებით, თამარი 1210 წელს გარდაიცვალა) სარწმუნოებისა და მამულისათვის დამაშვრალმა მეფემ უფალს შეავედრა ჯერ ქვეყანა, რომლისთვისაც ასე თავდაუზოგავად იღვწოდა, მერე ხალხი, რომელსაც დედობრივი მზრუნველობით პატრონობდა, შემდეგ საკუთარი შვილები და სულ ბოლოს თავისი სული. ესეც არის ალბათ გასაღები თამარის წარმატებული მეფობისა. თავისთავად ამგვარი დამოკიდებულებისთვის, ასეთი ცხოვრების წესისათვის დაჯილდოვდა იგი ამქვეყნად მორჭმული მეფობით და იმქვეყნად - წმინდანთა დასის წევრობით.
"საქართველომ დაჰკარგა დიდებული მეფე და მოამაგე. თავისი საუკეთესო მშვენება და სიამაყე. იგი თუმცა ქალი იყო და მეუღლე ჰყავდა, მაგრამ ნამდვილი ქვეყნის გამგე იყო, სახელმწიფო მართვა გამგეობაში აქტიურს მონაწილეობას იღებდა და სახელმწიფოს საჭე მტკიცედ ეპყრა ხელთ. თამარს გვერდს ედგნენ დიდებულნი, რომელთა ერთნებაობითა და თანადგომით იგი ხელმძღვანელობდა ხოლმე. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ქმარი ჰყავდა, დავით სოსლანი, ყველაფერი, რაც ხდებოდა საქართველოს სახელმწიფოში, მისის სახელითა კეთდებოდა ხოლმე: ჯარის შეყრა, ომისათვის მომზადება და ლაშქრობაც კი ყოველთვის მომხდარა "ბრძანებითა თამარისთა". თამარი, მაშასადამე, ნამდვილ სახელმწიფო მოღვაწედ და ხელმძღვანელად უნდა ჩაითვალოს. დავით სოსლანი კი მხოლოდ ქმარი იყო მეფისა და მხოლოდ ამის გამო მეფეც" (ივანე ჯავახიშვილი).
დიდად იგლოვა სრულიად საქართველომ თამარის გარდაცვალება. ძაძით შეიმოსა დიდი და პატარა, ყველა მუხლს იყრიდა მისი კუბოს წინაშე. მათი გოდება იყო მსგავსი "მოოხრებისა იერუსალიმისანი იერემიას მიერ მგოდებელისა". თამარის წმინდა ცხედარი ჯერ მცხეთაში დაასვენეს, ხოლო შემდეგ გელათში გადააბრძანეს და თავის სახელოვან წინაპრებთან ერთად მეფეთა სამარხში დაკრძალეს.
"რადგანაც მთელი სიცოცხლე თამარისა იყო განხორციელება სახარების სწავლისა, ამის გამო მთელმა საქართველოს ერმა იგი აღიარა წმინდანად და თაყვანსა სცემს არა მარტო როგორც სამაგალითო დედოფალს, არამედ როგორც წმინდანსაც" (იაკობ გოგებაშვილი).
#უფალოშეგვიწყალენ
1 day ago | [YT] | 311
View 2 replies
icons orthodoxy
ერთხელ, ქუჩაში სეირნობისას, უწმინდეს ეფრემს მიტროპოლიტ ათანასესთვის (ჩახვაშვილი) უთქვამს: "ციმბირის შრომა-გასწორების კოლონიაში მეთვალყურედ სპეციალურად ებრაელი კაცი დამინიშნეს, რომელიც ქრისტიანებს განსაკუთრებულად ემტერებოდა. მისგან ბევრი ტანჯვა და დამცირება გადავიტანე. პირდაპირ მეტყოდა: "უარყავი ქრისტე, თუ გინდა, თავი გადაირჩინო, თუ არადა, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო". როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მუქარით ვერაფერს გახდებოდა, წამების მრავალ ხერხს მიმართავდა ჩემს წინააღმდეგ. ერთხელ, ზამთარში შიშველ სხეულზე ყინულის დიდი ლოდები დამადო და ასე ცოცხლად მკლავდა..." როგორც მამა დემეტრესთვის (დავითაშვილი) გახდა ცნობილი, "მოგვიანებით ეს კაცთმოძულე ზედამხედველი სხვა ბანაკში გადაუყვანიათ. განსაზღვრული დროის შემდეგ კი, როცა ეტაპით ახალი ნაკადი შემოჰყავდათ, პატიმართა შორის ისიც ამოუცნიათ. ყველას გახსენებია მისი სისასტიკე და აღარავის მიუკარებია სიახლოვეს, ხოლო როცა მის დამცირებას შეეცადნენ, ისევ მეუფე ეფრემს გაუწოდებია დახმარების ხელი, შეუკედლებია და თავისი საწოლი დაუთმია. სიკეთის ძალას იმხელა ზემოქმედება მოუხდენია მასზე, რომ ქრისტიანად მონათლულა".
2 days ago | [YT] | 620
View 5 replies
icons orthodoxy
18 (31) იანვარი - ხსენება ღირსისა ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, +1923)
წმიდა ალექსი (შუშანია) დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს. აქ მან დიდი ნიჭიერება გამოიჩინა, მაგრამ მალე მძიმედ დაავადდა, სწავლა ვეღარ გააგრძელა და მამამ ოზურგეთში წაიყვანა, სადაც თავად ვაჭრობდა.
ალექსის 1868 წელს გარდაეცვალა მამა. სიკვდილის წინ მან დალოცა შვილი და ანდერძად დაუბარა, ეზრუნა ოჯახისათვის. ამ დროს მომავალი მღვდელმონაზონი 16 წლის იყო.
ამავე წელს ალექსი იერუსალიმში გაემგზავრა და იქაური სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კი კონსტანტინეპოლში ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან, რომელიც იყო დიდვაჭარი და ამასთან, ფრიად განსწავლული კაცი, მცოდნე მრავალი აღმოსავლური ენისა, დიდად ღვთისმოსავი.
ბიძასთან ყოფნის ჟამს ალექსი შეეჩვია ვაჭრებს და იმდენად მოეწონა ეს ხელობა, რომ თავადაც ვაჭრად გახდომა მოუნდა, მაგრამ ღვთის განგებამ სხვა გზა უჩვენა.
ალექსიმ ბიძას გამოართვა წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ხატი, თავის ოთახში განმარტოვდა და დაეწყო დიდი შინაგანი ბრძოლა: ცალკე საერო ცხოვრება იზიდავდა თავისი ახალგაზრდული სიამოვნებით, დედის, ბებიის, ძმის და ტოლ-სწორებისადმი სიყვარულით, ცალკე კი უხილავი ძალა მოუწოდებდა წმიდა და მაღალი ცხოვრებისაკენ. ასეთ ბრძოლაში გავიდა რამდენიმე საათი. ბოლოს ალექსიმ იკითხა: „რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას? “ უხილავმა მოძღვარმა კითხვითვე უპასუხა: „ეხლა რომ მოკვდე, ვინ გაარიგებს შენს საქმეს?” ალექსიმ მიუგო: „ღმერთი! “ კვლავ გაისმა ხმა: „მაშინ შენც მოკვდი ღვთისათვის საწუთროისაგან და ღმერთს მიანდევი ყოველივე შენი საქმე და იგი გაარიგებს.”
შემდგომ ამისა ალექსი საოცრად გამოიცვალა: თითქმის გამუდმებით, თვეობით იჯდა თავის ოთახში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს და მკაცრად მარხულობდა.
ალექსის ამგვარმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინეპოლზე გული აუცრუა და მალე ყველანი საქართველოში დაბრუნდნენ.
შინ დაბრუნებულმა ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ ბერად აღკვეცის აღთქმა დადო. დები და ძმა დიდად შეწუხდნენ, დედამ კი მადლობა შესწირა ღმერთს და დალოცა შვილი.
ალექსი თეკლათის დედათა მონასტერში ავიდა, საერო სამოსელი განიძარცვა და ბერულ მოღვაწეობის გზას შეუდგა. ამ დროს ალექსი 20 წლის იყო. იმ დღიდან მან მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. დადიოდა სოფლებში, უვლიდა ჭლექით, ქოლერით და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულებს, მარხავდა უპატრონო მიცვალებულებს.
ასე განვლო რამდენიმე წელმა. ერთხანს ალექსი სალოსურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი ძლიერი მქადაგებელი იყო ღვთის სიტყვისა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილი მაგალითი იყო მრავალთათვის. მისი ქადაგების გავლენით მალე მონაზვნად აღიკვეცნენ დედამისი ელენე, უმცროსი და სალომე და ძმა ბესარიონიც. ბესარიონმა მოილოცა იერუსალიმის სიწმიდენი, იქ რამდენიმე წლის განმავლობაში იღვწოდა, შემდეგ კი მარტვილის მონასტერში მღვდლად ეკურთხა, მიიღო სქემაც და, ბოლოს, აღესრულა.
თავად ალექსიმაც იღვაწა ათონზე, გადაწერა მრავალი წიგნი. ათონიდან მობრუნებულმა დიდი სასოებით მოილოცა კიევის მღვიმეთა მონასტერი, საქართველოში დაბრუნდა და კვლავ განაგრძო თავისი ჩვეული მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და კეთილი საქმეებით.
დაახლოებით 1885 წელს ალექსი შუშანია დაემკვიდრა გელათის მონასტერში, სადაც მრავალი საღვთო წიგნი შეისწავლა და გადაწერა. 1886 წელს იგი გადაყვანილ იქნა დიაკვნად, ხოლო 1888 წელს კი – მღვდელ-მონაზვნად.
1890 წელს ალექსი ბერი ავადმყოფობის გამო თეკლათის მონასტერში დაემკვიდრა თავის მონაზონ დედასთან და დებთან ერთად.
ღვთის განგებით, 1891 წელს ალექსი ბერმა ბერული სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში, ე.წ. მთავარანგელოზთა გორაზე. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა ამ სავანეში დაყუდებულ მოღვაწეობას. მამა ალექსის ჯანმრთელობაც ისე გამოუკეთდა, რომ წირვა-ლოცვის შესრულება შეეძლო. შემოწირულ თანხას იგი სამ ნაწილად ჰყოფდა: ერთ ნაწილს გადადებდა პირადი საჭიროებისათვის, მეორეს – ეკლესიისა და სტუმართათვის, მესამეს კი – დავრდომილთა და გლახაკთათვის. როდესაც მკაცრმა ასკეტურმა მოღვაწეობამ ფიზიკურად გატეხა, მოწაფეები დაითხოვა და ბოლო, დაახლოებით 1915 წლის შემდგომ წლებში, ვიდრე ამიერ ქვეყნიდან განსვლამდე, თავის სქემონაზონ ბიძაშვილებს, დებს – აკეფსიმასა და ფასტოს იხმარებდა.
1898 წლიდან ალექსი ბერმა დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. სენაკში მას ჰქონდა კაცის სიმაღლის ხის ჯვარი, რომელსაც ლოცვის დროს ზურგით იპყრობდა ხოლმე, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა, ჯვრის ასე პყრობა გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს აგონებდა. მნახველთა მისაღებად მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდა.
მიუხედავად ალექსი ბერის მკაცრი, ასკეტური ცხოვრება-მოღვაწეობისა, ის მაინც საოცრად ახლოს იყო ხალხთან, ახერხებდა მათთან სულიერ სიახლოვეს .
ხანგრძლივი მოღვაწეობით დამაშვრალი ბერი 1923 წლის 18 იანვარს მიიცვალა.
ღვთის წყალობით და უფლისმიერი მინიშნებით ალექსის აღკვეცამდე მისმა შუათანა დამ, სოფიომ მიიღო დედისგან ლოცვა-კურთხევა და მონაზვნად აღიკვეცა ახლად დაარსებულ თეკლათის დედათა მონასტერში. თავად ალექსი ნააღდგომევს აპირებდა სოფლისგან განშორებას. დაიწყო კიდეც მზადება აღთქმის შესასრულებლად: დიდი მარხვა მკაცრად იმარხა-დღეგამოშვებით იღებდა საზრდელს, დიდ ხუთშაბათს ეზიარა. დიდ პარასკევს, ღამით, მან იხილა ჩვენება: თითქოს საკვირველ ტაძარში შევიდა. ამბიონზე ბარძიმითა და საზიარებელი კოვზით იდგა თავად მაცხოვარი, რომელმაც აზიარა მომავალი წმიდანი. ეს ჩვენება ღირსმა უფლის ნებად მიიღო, დიდ შაბათს მღვდლის წინაშე გულწრფელად აღიარა თავისი ცოდვები და ეზიარა.
გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში ალექსი ბერი ყოველდღე ეცხადებოდა სქემმონაზონ ფასტოს, რომელიც თავის დასთან, სქემოსან აკეფსიმასთან ერთად მამა ალექსის სავანეში დარჩა სამოღვაწეოდ.
ქრისტეს მოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა, ფასტომ და აკეფსიმამ, წმიდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ კი მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.
1960 წლის 8 იანვარს ფასტომ და აკეფსიმამ იმჟამად ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის ლოცვა-კურთხევით მამა ალექსის უხრწნელი გვამი თეკლათის დედათა მონასტრიდან თავის სავანეში გადაასვენეს და დაკრძალეს ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად.
“წმიდანთა ცხოვრება”, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ZNEOBA.GE
2 days ago | [YT] | 725
View 7 replies
icons orthodoxy
ღირსი და ღმერთშემოსილი მამა ანტონი დიდი (+356)
17 (30) იანვარი
წმიდა ანტონი დიდი ეგვიპტის სოფელ კომაში მცხოვრები დიდგვაროვანი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა 251 წელს. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, უმცროსი და „შეჰვედრა მეცნიერთა მისთა მორწმუნეთა ქალწულთა და მისცა იგი სიქალწულესა განზრდად”, თვითონ კი თავისი სოფლის მახლობლად ერთ ქოხში დაეყუდა და მოსაგრე ცხოვრება დაიწყო. ანტონი საკუთარი შრომის ნაყოფით ირჩენდა თავს და მოწყალებასაც გასცემდა. ცდილობდა, გულმოდგინედ აღესრულებინა უფლის მცნებები, „რამეთუ ისმენნ იგი წიგნთა, სადა ყოველივე წერილი არა დავარდებოდა მისგან, არამედ დაისწავებდა ზეპირით”. დროდადრო ანტონი სხვა ბერებთანაც მიდიოდა სულიერი გამოცდილების მისაღებად და ცდილობდა, ყოველგვარ სათნოებათა შესაკრებელი შექმნილიყო. იგი სიხარულს ჰგვრიდა ყველას, არავის აწუხებდა. სოფლელებს და მეგობრებსაც უყვარდათ ღვთისმოყვარე მამა, „რომელნიმე ვითარცა შვილსა, რომელნიმე ვითარცა ძმასა მოიკითხვიდა“. კეთილმოძულე და მოშურნე ეშმაკმა „ვერ თავს-იდვა, ხედვიდა რაჲ ჭაბუკისა მის თანა ესოდენსა გულმოდგინებასა” და ფიცხელი ბრძოლა დაუწყო მას – საშინელ განსაცდელებს ატეხდა თავს.
ანტონის სმენოდა წიგნთაგან, „ვითარმედ მრავალ არიან მანქანებანი მტერისანი” და ცდილობდა ხორცი დაემონებინა - „ნუუკუე სხჳთ ვსძლე, და სხჳთ მაცთუნოს”. წმიდანმა გაამკაცრა ღვაწლი: საზრდელს დღეში ერთხელ, ზოგჯერ კი ორ-სამ დღეში ერთხელ ღებულობდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა, ძალიან ცოტა ეძინა. „ხოლო სარეცლად მისა იყო ჭილი, და უფროჲსღა ქუეყანასა ზედა წეჳნ”. მარად იხსენებდა მოციქულის სიტყვებს: „რაჟამს უძლურ ვიქმნი, მაშინ განვძლიერდი”.
ამის შემდეგ წმიდანი, სოფლისგან მოშორებით, აკლდამაში დაემკვიდრა. აქ ეშმაკები შეეცადნენ, მოეკლათ ღვთის რჩეული, თავს დაეცნენ და სასტიკად გვემეს იგი, ვითარმედ ვერ შესაძლებელ არს იგი კაცთაგან ეგოდენი ტანჯვაჲ და გუემაჲ ყოფად”. ღმერთმა არ დაუშვა ანტონის სიკვდილი: მეორე დღეს საზრდელის მოსატანად მოსულმა ჭაბუკმა იპოვა ცოცხალ-მკვდარი მოსაგრე და სოფელში ჩაიყვანა. სოფლელებს წმიდანი მკვდარი ეგონათ და მის დასამარხად იწყეს მზადება, მაგრამ, შუაღამისას, ანტონი გონს მოვიდა და შეევედრა მეგობარს, „აღკიდებად და მიღებად სამარედვე და არავის განღჳიძებად” – მისი სიმტკიცე აღემატებოდა მტრის ძლიერებას. დემონები მაინც არ ცხრებოდნენ, ველურ მხეცებად და ქვეწარმავლებად გარდაისახნენ და ცდილობდნენ, არჩეული ადგილიდან დაეძევებინათ ბერი. წმიდა მამა ჯვრის საჭურველით განასხმიდა მათ. უეცრად ზეცით გარდამომავალი ბრწყინვალე ნათელი გამოჩნდა. ანტონი წყლულებისგან განიკურნა, წამოდგა და ნეტარებით ჰხადა უფალს: „სადა იყავ, რა არა პირველვე გამოჩნდი, რაჲთამცა სალმობანი ჩემნი დააცხრვენ”? პასუხად გაისმა: „აქა ვიყავ, ანტონ, არამედ მოველოდე ხილვად შენსა სიმჴნესა. ხოლო აწ, რამეთუ დაუთმე და არა იხილე, გექმნე შენ მარადის შემწე, და იყო შენ სახელოვან ყოველსა ქუეყანასა”. ამ დროს წმიდა მამა 35 წლის იყო. მან, უკვე დემონებთან ბრძოლაში საკმაოდ გამოცდილებით აღჭურვილმა, გადაწყვიტა, თებაიდის უდაბნოს სიღრმეში შესულიყო და იქ განეგრძო მოღვაწეობა მარტოდმარტო, სრულ მდუმარებაში. ეშმაკი ცდილობდა, შეეჩერებინა მანამდე არნახულ ღვაწლს შემდგარი ბერი, ძვირფასეულობა და ოქრო დაუყარა წინ, ანტონმა კი გულგრილად ჩაუარა მათ და გზა განაგრძო. ერთი მთის მახლობლად ღირსმა მამამ მიტოვებული საკერპო შენიშნა, აქ დასახლდა და შემოსასვლელი ქვებით ამოქოლა. მოწაფეს მასთან წელიწადში ორჯერ მოჰქონდა საზრდელი, წყალს კი გალავანს შიგნით მდებარე ჭიდან იღებდა. სრულ მდუმარებაში გაატარა ღირსმა ანტონმა 20 წელი. უფლის ნებით მისი სამყოფელი გაცხადდა, სულიერი მოღვაწეობის მრავალმა მსურველმა მიაშურა უდაბნოს, ღირსი მამა სიყვარულით მოძღვრავდა სულიერ შვილებს.
311 წელს ეკლესიას განსაცდელის ჟამი დაუდგა: იმპერატორმა მაქსიმიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო. მოწამეობრივი აღსასრულის მაძიებელი ანტონი ალექსანდრიაში ჩავიდა. იგი აშკარად ემსახურებოდა პყრობილ ქრისტიანებს, ესწრებოდა მათ გასამართლებას, დაკითხვებს, მაგრამ მტარვალები მას არც შეხებიან: უფალმა არც ახლა ინება მისი სიკვდილი.
დევნის შეწყვეტის შემდეგ ნეტარი მოსაგრე დაუბრუნდა მეუდაბნოეობის ღვაწლს. ღმერთმა თავის რჩეულს სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: იგი ეშმაკებს განასხმიდა და სნეულებს კურნავდა. მნახველების სიმრავლე არღვევდა წმიდა მამის მყუდროებას, ამიტომ ის კიდევ უფრო შორს, „შიდა უდაბნოში” შევიდა და მთის მწვერვალზე დაემკვიდრა. ბერებმა მოძებნეს საყვარელი მოძღვარი და სთხოვეს, ზოგჯერ მაინც მოენახულებინა ისინი.
კიდევ ერთხელ მოუხდა ღირს ანტონს უდაბნოს დატოვება მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად მანიქეველთა და არიანელთა ცრუ სწავლებისაგან. არიანელებმა იცოდნენ, თუ რა დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ანტონი დიდი და ხმები დაჰყარეს, იგი ჩვენი სწავლების მიმდევარიაო. ამ ცილისწამების გასაქარვებლად ჩავიდა ნეტარი მამა ალექსანდრიაში და საჯაროდ შეაჩვენა ბილწი მწვალებლობა. ღირს ანტონისთან მოდიოდნენ წარმართი ფილოსოფოსები და ცდილობდნენ, თავიანთი ამაო ბრძნობით მოეტეხათ იგი, მაგრამ წმიდანი თავისი მარტივი და დამაჯერებელი პასუხებით სირცხვილეულ ჰყოფდა მათ.
მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე დიდი (+337, ხს. 21 მაისს) და მისი ძეები ანტონი დიდის მხურვალე თაყვანისმცემლები იყვნენ. მათ დედაქალაქში მოიწვიეს წმიდა მამა, მაგრამ მან არ ისურვა მეუდაბნოე ძმების დატოვება, იმპერატორები კი საპასუხო ეპისტოლით გააფრთხილა, არ გაამაყებულიყვნენ თავიანთი მაღალი მდგომარეობით და მარად ხსომებოდათ მომავალი სამსჯავრო: „უწყოდეთ, რამეთუ ქრისტე მეუფე არს”.
ღირსმა ანტონიმ 85 წელი დაჰყო უდაბნოში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან მოუწოდა ძმებს და ასე დამოძღვრა ისინი: „ისწრაფდით უფროჲსღა მიახლებად მარადის თავთა თქუენთა უფალსა და მერმე წმიდათა მისთა, რაჲთა სიკუდილისა შემდგომად საუკუნეთა მათ საყოფელთა, ვითარცა მეგობართა და მეცნიერთა, შეგიწყნარნენ თქუენ მათცა”. შემდეგ ანტონიმ ითხოვა, მისი გვამი იქვე უდაბნოში დაეფლათ და არ მოეწყოთ მისი დიდებული გადასვენება ალექსანდრიაში. ღირსი ანტონი მშვიდობით მიიცვალა 357 წელს, 105 წლის ასაკში. მისი ნეშტი ორმა მოწაფემ, მოძღვრის ანდერძისამებრ, უდაბნოში, ერთ განკრძალულ ადგილას მიაბარა მიწას.
ღირსი ანტონის ცხოვრება დაწვრილებით აღწერა წმიდა მღვდელმთავარმა ათანასე ალექსანდრიელმა. ეს ნაშრომი მართლმადიდებლური აგიოგრაფიის პირველი და ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. იოანე ოქროპირი წერდა, იგი ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოსო.
წმიდა ანტონიმ მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომელიც დღესაც ასაზრდოებს ქრისტიანთა სულებს.
544 წელს ღირსი მამის უხრწნელი ნაწილები ალექსანდრიაში გადაასვენეს. XV საუკუნეში კი ისინი არასში (საფრანგეთში), წმიდა ივლიანეს სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
3 days ago | [YT] | 1,374
View 4 replies
icons orthodoxy
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი
16 (29) იანვარი
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი. დაახლოებით 42 წელს, ჰეროდე აგრიპას ბრძანებით, პეტრე მოციქული მაცხოვრის სიტყვის ქადაგებისთვის შეიპყრეს და ჯაჭვით შეკრული საკანში გამოკეტეს. „ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს”. და აი, მოხდა სასწაული: „ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრჱსსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: „აღდეგ ადრე და დასცუეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა”. ანგელოზმა დახშულ კარებში გაატარა და სამშვიდობოს გამოიყვანა მოციქული (საქმე, 12,11-11). ქრისტიანებმა შეძლეს მოეპოვებინათ ეს ჯაჭვები და შეინახეს, როგორც სიწმიდე. მათთან რწმენით მიახლოებული სნეულები იკურნებოდნენ სხვადასხვა სალმობათაგან. ჯაჭვები იერუსალიმის ტაძარში ინახებოდა პატრიარქ იუბენალის დრომდე. ამ უკანასკნელმა კი იგი თეოდოსი უმცროსის მეუღლეს, ევდოკიას აჩუქა. ევდოკიამ სიწმინდე კონსტანტინეპოლში ჩაიტანა, შემდეგ კი ერთი ჯაჭვი თავის ასულს, ევდუქსიას გაუგზავნა. ევდუქსიამ რომში ტაძარი ააგო პეტრე მოციქულის სახელზე და სიწმიდე იქ დაასვენა. რომში ინახებოდა სხვა ჯაჭვებიც, რომლითაც თავი მოციქული თავისი ნეტარი აღსასრულის წინ იყო შეკრული. ყოველი წლის 16 იანვარს ამ სიწმინდეებს გამოაბრძანებდნენ ხოლმე თაყვანსაცემად.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
4 days ago | [YT] | 691
View 8 replies
icons orthodoxy
☦️წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს) უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
სალომე უჯარმელი მირიან მეფის (ხს. 1 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი იყო. პეროჟავრაც ქართლის ერისთავის მეუღლე გახლდათ. მათ დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის“ - წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთეს და მუდამ იწვრთნებოდნენ წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.
ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.
ღვთის განგებით, წმიდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცმემლები, რომელთა შორისაც იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელიც. დედოფლებს „გამოსდიოდეს ნაკადულნი ცრემლთანი თუალთაგან მათთა განშორებისათვის მოძღვრისა მოღუაწისა და სნეულთა მკურნალისა“. მათ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულ წმიდანს ჰკითხეს: „ვინაჲ ანუ ვითარ მოშუერ შენ ქუეყანასა ჩუენსა, მაუწყე ჩუენ საქმე შენი! რაჲსა იტყჳ ტყვეობასა, ტყვეთა მხსნელო სანატრელო?“
წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15 იანვარს, წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს.
4 days ago | [YT] | 616
View 11 replies
icons orthodoxy
🇬🇪 1799 წელს გიორგი XII-მ, იგივე ზაქიჭამიამ, რუსეთის იმპერატორ პავლე I-ს რუსეთ-ქართლ-კახეთის ხელშეკრულების შესწორებები გაუგზავნა, რომლის შინაარსი შემდდგომში მდგომარეობდა:
1. ქართლ-კახეთის მეფე იღებს ვალდებულებას, რომ პირნათლად შეასრულოს ყველაფერი, რასაც რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომები ასრულებენ. იგი აღიარებს ყველა კანონსა და ბრძანებას, რომელსაც რუსეთის იმპერატორი გამოსცემს, ცნობს რუსეთის იმპერატორს საკუთარ ხელმწიფედ და თვითმპყრობლად.
2. გიორგი XII ითხოვს, რომ ის დარჩეს ქართლ-კახეთის მეფედ, ხოლო მის შემდეგ ქართლ-კახეთის მეფეებად დამტკიცდნენ მისი მემკვიდრეები, რომლებიც რუსეთის იმპერიის ერთგული ქვეშევრდომები იქნებიან.
3. ქართლ-კახეთის სამეფოში რუსეთის საიმპერატორო კარის მიერ დადგენილი მმართველობა და კანონები უნდა გატარდეს, მაგრამ ის მისაღები უნდა იყოს ქართველი ხალხისათვის.
4. თავის მხრივ, ქართლ-კახეთის მეფეებს რუსეთის იმპერატორის ბრძანებულების გარეშე უფლება არ უნდა ჰქონდეთ საკუთარი კანონების გამოცემისა.
6. ქართლ-კახეთის სამეფოს მთელი შემოსავალი უნდა გადაეცეს რუსეთის იმპერიის ხელისუფლებას საჭიროების შემთხვევაში.
7. გიორგი XII ქართლ-კახეთის ციხე-სიმაგრეებში ექვსი ათასიანი მუდმივი ჯარის ჩაყენებას ითხოვს.
8. ქართლ-კახეთის საგარეო პოლიტიკა სრულიად იქნება შეთანხმებული რუსეთის იმპერიასთან და რუსეთი უზრუნველყოფს თავისი ქვეშევრდომების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს.
▪️ეს იყო კატასტროფული შეცდომა.
📌რუსეთი ამას შემდგომ გამოიყენებს თავისი ქმედებების გასამართლებლად.
⌛️ 1799 წლის ნოემბრიდან ქართლ-კახეთში მასობრივად იწყებენ რუსული ჯარები შემოსვლას.
📝 ამ შესწორებების საფუძველზე რუსეთი ეტაპობრივად იწყებს კონტროლს როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკაზე, საკვანძო თანამდებობებზე კი თავისი ხალხის დანიშვნას.
🕰️ გიორგი მე XII გარდაიცვალა 28 დეკემბერს.
▪️ქვეყანაში კი სრული ქაოსი და ანარქია სუფევდა.
🔖 რუსეთმა ეს შესწორებები საბაბად გამოიყენა და 1801 წლის 12 სექტემბერს გამოიცა ალექსანდრე პირველის მანიფესტი ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების შესახებ.
⚔️ ცხადია, ქართლ-კახეთის მოსახლეობა ამას კატეგორიულად არ დაეთანხმა და დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, ორი დიდი აჯანყება მოაწყო 1804 და 1812-1813 წლებში.
▪️მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე აჯანყება რუსებმა წარმატებით ჩაახშეს.
🔹ამაში კი მათ ძალიან დაეხმარა ის კადრები, რომლებიც მათ დანიშნეს საკვანძო თანამდებობზე 1799-1800 წლებში.
❗️რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიას უნდოდა ქართლ-კახეთის დაპყრობა, ისევე როგორც სრულიად კავკასიისა, მაგრამ ცდილობდა, ეს ძალიან ფრთხილად გაეკეთებინა.
🔸გიორგი მე XII-მ კი, თავისი უნიათო და უგუნური პოლიტიკით, ხელი შეუწყო რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას!
5 days ago | [YT] | 121
View 2 replies
icons orthodoxy
ღირსი მამები, სინასა და რაითში მოწყვეტილნი მოღვაწეობდნენ სინას მთაზე და მის მახლობლად, მეწამული ზღვის ნაპირას მდებარე რაითის სავანეში -„ქუაბთა და მთათა და ნაპრალთა ქუეყანისათა“. ბერები საოცრად თავშეკავებული, ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდნენ: მთელი კვირის მანძილზე მდუმარებაში იმყოფებოდნენ, ერთმანეთისგან ფარულად მოღვაწეობდნენ და მხოლოდ შაბათსა და კვირას, ღვთისმსახურებაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს; იკვებებოდნენ მცირეოდენი ფინიკითა და წყლით, პურს საერთოდ არ ღებულობდნენ. „და იყვნეს იგინი, ვითარცა ანგელოზნი ღმრთის მსახურებასა შინა და პირნი მათნი ყჳთელ იყვნეს და ჴორცნი მათნი დამჭნარ მარხვითა და ღამის თევითა”.
312 წელს, ქრისტეშობიდან მესამე დღეს სინას მონასტერს სარკინოზები დაეცნენ და საშინელი ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს. ტაძრის მახლობლად მყოფმა ბერებმა კოშკს შეაფარეს თავი და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შეწევნას. ღმერთმაც წყალობის თვალით მოხედა თავის რჩეულებს და „აჩვენა თავსა ზედა მის მთისასა ცეცხლი ფრიად დიდი, რამეთუ ყოველი იგი მთაჲ კუამოდა, და ცეცხლი აღიწეოდა ვიდრე ცადამდე.” სარკინოზები საოცარმა სახილველმა დააფრთხო და გაიქცნენ, „ზოგი აქლემებისა მათისაჲ და საჭურველისა მათისაჲ დაყარეს შიშისაგან “.
მეორე დღეს ცოცხლად გადარჩენილმა მონაზვნებმა იწყეს „სვლად მთასა მას გარემო სენაკებსა მონაზონთასა“. 38 მოკლული ჰპოვეს, ორიც - მძიმედ დაჭრილი. საშინელი სახილველი იყო მოხუცი, ღვაწლმოსილი ბერების ცხედრები: „რომელსამე თავი მისი ტყავითა ოდენ ეკიდა ქედსა მისსა, და სხუაჲ ყოველადვე ორად განკუეთილ იდვა. და რომელსამე წყლულებათა სიმრავლითა თუალნი წამოცჳვნებულ იყვნეს, და სხუაჲ ჴელით და ფერჴით დაჭრილი იდვა, ვითარცა ჴუნდი”. იმედოვნებდნენ, რომ დაჭრილთაგან ერთი – ამბა საბა გადარჩენოდა, მაგრამ თავად იგი ძლიერ წუხდა ამის გამო, „ტიროდა და იგლოვდა და იტყოდა: ვაჲ მე, რომელმან ვიხილე ნავთსადგური მეუფისაჲ და ვერ შევედ მას შინა”. ის მხურვალედ ევედრებოდა უფალს, არ განეშორებინა იმ წმიდა მამებისგან, რომლებიც მისი სახელისათვის სიკვდილის ღირსნი შეიქნენ. ღმერთმა წყალობით მოხედა ბერს და წმიდათა მოწყვეტიდან ოთხი დღის შემდეგ მისი სულიც შეივედრა. „და აღასრულა ღმერთმან მის მიერ რიცხჳ მათი რიცხჳსაებრ წმიდათა ორმეოცთაჲსა”.
როგორც გაირკვა, სწორედ ამ დღეს საშინელი სისხლისღვრა გაჩაღებულა რაითშიც. რაითის მონასტერს ზღვიდან თავს დაესხნენ არაბთა ტომები – აბაშები, „რიცხჳ მათი ვითარ სამას კაც”. ამ დროს მონასტერში ორასამდე ერისკაცი იმყოფებოდა ოჯახით, ისინი აღსდგნენ ცოლ-შვილისა და სავანის ბერების დასაცავად, მაგრამ ვერას გახდნენ – ბრძოლაში გამოცდილმა და რაოდენობითაც აღმატებულმა მტერმა დაამარცხა და „წარტყუენეს ყრმები და დედები მათ თანა “.
ამის შემდეგ უღმრთოებმა ტაძარს თავშეფარებულ ბერებამდეც მიაღწიეს: „ვითარცა მჴეცნი მძჳნვარენი რბიოდეს და ჴმობდეს ჴმითა მაღლითა და უშუერითა “. მონასტრის წინამძღვარმა –პავლემ განამტკიცა ძმები, შემდეგ კი საკურთხევლისკენ პირმიქცეულმა ზეცად აღაპყრო ხელები და უფალს შემწეობა სთხოვა.
ამასობაში უღმრთოებმა ტაძრის კარებთან მჯდომი იერემია შეიპყრეს და წინამძღვრის ჩვენება მოსთხოვეს. „არა გიჩუენო თქუენ მამასახლისი ჩუენი“ - მტკიცედ უპასუხა ბერმა. უსჯულოებმა ხელ-ფეხი შეუკრეს „და დაადგინეს იგი შიშუველი და ესრეთ ესროდეს მას ისრითა, ვიდრემდის აღივსნეს ჴორცნი მისნი”. წმიდა იერემია არც განძრეულა, სიხარულით და მადლობით დაითმინა სატანჯველი და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.
როცა ეს პავლემ იხილა, გამოეყო ძმებს და განაცხადა: „აჰა, ესერა ვარ მე, რომელსა მეძიებთ”. უსჯულოებმა ახლა მას მიჰმართეს ცემით და გადამალული განძის ჩაბარება მოსთხოვეს, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ ვერაფერს მიიღებდნენ, ერთმა მათგანმა მახვილით თავი გაუპო წმიდანს „და დაეცა იგი მკუდარი შემდგომად დიდსა ტანჯვისა”.
ამის შემდეგ მეომრები ღრიალით შეიჭრნენ ტაძარში და დაერივნენ წმიდა მამებს: „იწყეს ცემად მათთა მახჳლითა, ვითარცა ვის უნდა: რომელსამე თავი წარჰკუეთეს და რომელიმე ორად განკუეთეს და რომელსამე მახჳლითა ნაწლევნი გამოუსხნიან გარე და რომელსამე მჴარსა ეხეთქნა და ორად განეპო, ვიდრე მკერდამდე, ვიდრემდის ესრÅთ მოწყვდნეს წმიდანი იგი მამანი “.
უღმრთოებს ძლიერ მოეწონათ ამბა სოლომონის ვაჟი, თხუთმეტი წლის სერგი და გადაწყვიტეს, თან წაეყვანათ იგი. როცა ყრმამ იხილა, რომ „არა მოჰკლავენ მას მოყუასთავე თჳსთა თანა და ეგულების წარყვანებაჲ მისი მათ თანა”, ჯერ მწარედ ატირდა, შემდეგ კი ძალა მოიკრიბა, განაგდო შიში, „აღიღო მახჳლი ერთი მათგანისაჲ და უხეთქნა მჴარსა ოდენ ჰაბაშისასა” - სიკვდილის მაძიებელს მტრის განრისხება სურდა. მიაღწია კიდეც თავისას: „ყოველნი განრისხნეს მის ზედა და დაჭრეს იგი მახჳლითა”.
როცა ხოცვა – ჟლეტისაგან მოიცალეს, ბარბაროსებმა ტაძრისა და სენაკების ჩხრეკა დაიწყეს – განძს ეძიებდნენ. „არა უწყოდეს უბადრუკთა, ვითარმედ არარაჲ აქუნდა წმიდათა მათ ქვეყანასა ზედა, არამედ ცათა შინა აქუს საფასÅ და სიხარული წარუვალი ქრისტÅს მიერ უფლისა ჩვენისა”. უსჯულოების სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა – მათ ტყვედ წასხმული ქალები და ბავშვებიც დახოცეს, მაგრამ თვითონაც საშინელი სასჯელი დაატყდათ თავს – მოყვასთა დასახმარებლად მოსულ ქრისტიანთა ლაშქარს ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა.
ამ დღეს აღსრულებული მამები „მონანი იყვნეს. ღმრთისანი, კეთილნი და რჩეულნი, და ღირს ყვნა იგინი ღმერთმან სიხარულისა სასუფეველისა მისისასა. ვევედრნეთ წმიდათა მათ, რაჲთა ითხოვონ ჩუენთჳს შეწევნაჲ.“
სინა-რაითის მამათა მოწყვეტა აღგვიწერა ამ მოვლენების თვითმხილველმა, ეგვიპტელმა ბერმა ამონიოსმა. მსგავსი უბედურება დატრიალებულა ამ მონასტერში ასი წლის შემდეგაც, რაზეც დაღუპვას სასწაულებრივად გადარჩენილმა ნილოს მმარხველმა (ხს. 12 ნოემბერს ) მოგვითხრო.
სინასა და რაითის მონასტრებში ამ დღეებში გაბრწყინებული წმიდანებიდან მხოლოდ რამოდენიმეს სახელია ცნობილი: საბა, ისაია, მოსე, მოწაფე მისი მოსე, იერემია, პავლე, ადამი, სერგი, დომნი, პროკლე, ისააკი, იპატი, მაკარი, მარკოზი, ბენიამინი, ევსევი და ილია.
5 days ago | [YT] | 376
View 2 replies
Load more