18 (31) იანვარი - ხსენება ღირსისა ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, +1923)
წმიდა ალექსი (შუშანია) დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს. აქ მან დიდი ნიჭიერება გამოიჩინა, მაგრამ მალე მძიმედ დაავადდა, სწავლა ვეღარ გააგრძელა და მამამ ოზურგეთში წაიყვანა, სადაც თავად ვაჭრობდა.
ალექსის 1868 წელს გარდაეცვალა მამა. სიკვდილის წინ მან დალოცა შვილი და ანდერძად დაუბარა, ეზრუნა ოჯახისათვის. ამ დროს მომავალი მღვდელმონაზონი 16 წლის იყო.
ამავე წელს ალექსი იერუსალიმში გაემგზავრა და იქაური სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კი კონსტანტინეპოლში ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან, რომელიც იყო დიდვაჭარი და ამასთან, ფრიად განსწავლული კაცი, მცოდნე მრავალი აღმოსავლური ენისა, დიდად ღვთისმოსავი.
ბიძასთან ყოფნის ჟამს ალექსი შეეჩვია ვაჭრებს და იმდენად მოეწონა ეს ხელობა, რომ თავადაც ვაჭრად გახდომა მოუნდა, მაგრამ ღვთის განგებამ სხვა გზა უჩვენა.
ალექსიმ ბიძას გამოართვა წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ხატი, თავის ოთახში განმარტოვდა და დაეწყო დიდი შინაგანი ბრძოლა: ცალკე საერო ცხოვრება იზიდავდა თავისი ახალგაზრდული სიამოვნებით, დედის, ბებიის, ძმის და ტოლ-სწორებისადმი სიყვარულით, ცალკე კი უხილავი ძალა მოუწოდებდა წმიდა და მაღალი ცხოვრებისაკენ. ასეთ ბრძოლაში გავიდა რამდენიმე საათი. ბოლოს ალექსიმ იკითხა: „რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას? “ უხილავმა მოძღვარმა კითხვითვე უპასუხა: „ეხლა რომ მოკვდე, ვინ გაარიგებს შენს საქმეს?” ალექსიმ მიუგო: „ღმერთი! “ კვლავ გაისმა ხმა: „მაშინ შენც მოკვდი ღვთისათვის საწუთროისაგან და ღმერთს მიანდევი ყოველივე შენი საქმე და იგი გაარიგებს.”
შემდგომ ამისა ალექსი საოცრად გამოიცვალა: თითქმის გამუდმებით, თვეობით იჯდა თავის ოთახში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს და მკაცრად მარხულობდა.
ალექსის ამგვარმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინეპოლზე გული აუცრუა და მალე ყველანი საქართველოში დაბრუნდნენ.
შინ დაბრუნებულმა ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ ბერად აღკვეცის აღთქმა დადო. დები და ძმა დიდად შეწუხდნენ, დედამ კი მადლობა შესწირა ღმერთს და დალოცა შვილი.
ალექსი თეკლათის დედათა მონასტერში ავიდა, საერო სამოსელი განიძარცვა და ბერულ მოღვაწეობის გზას შეუდგა. ამ დროს ალექსი 20 წლის იყო. იმ დღიდან მან მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. დადიოდა სოფლებში, უვლიდა ჭლექით, ქოლერით და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულებს, მარხავდა უპატრონო მიცვალებულებს.
ასე განვლო რამდენიმე წელმა. ერთხანს ალექსი სალოსურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი ძლიერი მქადაგებელი იყო ღვთის სიტყვისა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილი მაგალითი იყო მრავალთათვის. მისი ქადაგების გავლენით მალე მონაზვნად აღიკვეცნენ დედამისი ელენე, უმცროსი და სალომე და ძმა ბესარიონიც. ბესარიონმა მოილოცა იერუსალიმის სიწმიდენი, იქ რამდენიმე წლის განმავლობაში იღვწოდა, შემდეგ კი მარტვილის მონასტერში მღვდლად ეკურთხა, მიიღო სქემაც და, ბოლოს, აღესრულა.
თავად ალექსიმაც იღვაწა ათონზე, გადაწერა მრავალი წიგნი. ათონიდან მობრუნებულმა დიდი სასოებით მოილოცა კიევის მღვიმეთა მონასტერი, საქართველოში დაბრუნდა და კვლავ განაგრძო თავისი ჩვეული მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და კეთილი საქმეებით.
დაახლოებით 1885 წელს ალექსი შუშანია დაემკვიდრა გელათის მონასტერში, სადაც მრავალი საღვთო წიგნი შეისწავლა და გადაწერა. 1886 წელს იგი გადაყვანილ იქნა დიაკვნად, ხოლო 1888 წელს კი – მღვდელ-მონაზვნად.
1890 წელს ალექსი ბერი ავადმყოფობის გამო თეკლათის მონასტერში დაემკვიდრა თავის მონაზონ დედასთან და დებთან ერთად.
ღვთის განგებით, 1891 წელს ალექსი ბერმა ბერული სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში, ე.წ. მთავარანგელოზთა გორაზე. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა ამ სავანეში დაყუდებულ მოღვაწეობას. მამა ალექსის ჯანმრთელობაც ისე გამოუკეთდა, რომ წირვა-ლოცვის შესრულება შეეძლო. შემოწირულ თანხას იგი სამ ნაწილად ჰყოფდა: ერთ ნაწილს გადადებდა პირადი საჭიროებისათვის, მეორეს – ეკლესიისა და სტუმართათვის, მესამეს კი – დავრდომილთა და გლახაკთათვის. როდესაც მკაცრმა ასკეტურმა მოღვაწეობამ ფიზიკურად გატეხა, მოწაფეები დაითხოვა და ბოლო, დაახლოებით 1915 წლის შემდგომ წლებში, ვიდრე ამიერ ქვეყნიდან განსვლამდე, თავის სქემონაზონ ბიძაშვილებს, დებს – აკეფსიმასა და ფასტოს იხმარებდა.
1898 წლიდან ალექსი ბერმა დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. სენაკში მას ჰქონდა კაცის სიმაღლის ხის ჯვარი, რომელსაც ლოცვის დროს ზურგით იპყრობდა ხოლმე, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა, ჯვრის ასე პყრობა გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს აგონებდა. მნახველთა მისაღებად მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდა.
მიუხედავად ალექსი ბერის მკაცრი, ასკეტური ცხოვრება-მოღვაწეობისა, ის მაინც საოცრად ახლოს იყო ხალხთან, ახერხებდა მათთან სულიერ სიახლოვეს .
ხანგრძლივი მოღვაწეობით დამაშვრალი ბერი 1923 წლის 18 იანვარს მიიცვალა.
ღვთის წყალობით და უფლისმიერი მინიშნებით ალექსის აღკვეცამდე მისმა შუათანა დამ, სოფიომ მიიღო დედისგან ლოცვა-კურთხევა და მონაზვნად აღიკვეცა ახლად დაარსებულ თეკლათის დედათა მონასტერში. თავად ალექსი ნააღდგომევს აპირებდა სოფლისგან განშორებას. დაიწყო კიდეც მზადება აღთქმის შესასრულებლად: დიდი მარხვა მკაცრად იმარხა-დღეგამოშვებით იღებდა საზრდელს, დიდ ხუთშაბათს ეზიარა. დიდ პარასკევს, ღამით, მან იხილა ჩვენება: თითქოს საკვირველ ტაძარში შევიდა. ამბიონზე ბარძიმითა და საზიარებელი კოვზით იდგა თავად მაცხოვარი, რომელმაც აზიარა მომავალი წმიდანი. ეს ჩვენება ღირსმა უფლის ნებად მიიღო, დიდ შაბათს მღვდლის წინაშე გულწრფელად აღიარა თავისი ცოდვები და ეზიარა.
გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში ალექსი ბერი ყოველდღე ეცხადებოდა სქემმონაზონ ფასტოს, რომელიც თავის დასთან, სქემოსან აკეფსიმასთან ერთად მამა ალექსის სავანეში დარჩა სამოღვაწეოდ.
ქრისტეს მოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა, ფასტომ და აკეფსიმამ, წმიდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ კი მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.
1960 წლის 8 იანვარს ფასტომ და აკეფსიმამ იმჟამად ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის ლოცვა-კურთხევით მამა ალექსის უხრწნელი გვამი თეკლათის დედათა მონასტრიდან თავის სავანეში გადაასვენეს და დაკრძალეს ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად.
წმიდა ანტონი დიდი ეგვიპტის სოფელ კომაში მცხოვრები დიდგვაროვანი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა 251 წელს. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, უმცროსი და „შეჰვედრა მეცნიერთა მისთა მორწმუნეთა ქალწულთა და მისცა იგი სიქალწულესა განზრდად”, თვითონ კი თავისი სოფლის მახლობლად ერთ ქოხში დაეყუდა და მოსაგრე ცხოვრება დაიწყო. ანტონი საკუთარი შრომის ნაყოფით ირჩენდა თავს და მოწყალებასაც გასცემდა. ცდილობდა, გულმოდგინედ აღესრულებინა უფლის მცნებები, „რამეთუ ისმენნ იგი წიგნთა, სადა ყოველივე წერილი არა დავარდებოდა მისგან, არამედ დაისწავებდა ზეპირით”. დროდადრო ანტონი სხვა ბერებთანაც მიდიოდა სულიერი გამოცდილების მისაღებად და ცდილობდა, ყოველგვარ სათნოებათა შესაკრებელი შექმნილიყო. იგი სიხარულს ჰგვრიდა ყველას, არავის აწუხებდა. სოფლელებს და მეგობრებსაც უყვარდათ ღვთისმოყვარე მამა, „რომელნიმე ვითარცა შვილსა, რომელნიმე ვითარცა ძმასა მოიკითხვიდა“. კეთილმოძულე და მოშურნე ეშმაკმა „ვერ თავს-იდვა, ხედვიდა რაჲ ჭაბუკისა მის თანა ესოდენსა გულმოდგინებასა” და ფიცხელი ბრძოლა დაუწყო მას – საშინელ განსაცდელებს ატეხდა თავს.
ანტონის სმენოდა წიგნთაგან, „ვითარმედ მრავალ არიან მანქანებანი მტერისანი” და ცდილობდა ხორცი დაემონებინა - „ნუუკუე სხჳთ ვსძლე, და სხჳთ მაცთუნოს”. წმიდანმა გაამკაცრა ღვაწლი: საზრდელს დღეში ერთხელ, ზოგჯერ კი ორ-სამ დღეში ერთხელ ღებულობდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა, ძალიან ცოტა ეძინა. „ხოლო სარეცლად მისა იყო ჭილი, და უფროჲსღა ქუეყანასა ზედა წეჳნ”. მარად იხსენებდა მოციქულის სიტყვებს: „რაჟამს უძლურ ვიქმნი, მაშინ განვძლიერდი”.
ამის შემდეგ წმიდანი, სოფლისგან მოშორებით, აკლდამაში დაემკვიდრა. აქ ეშმაკები შეეცადნენ, მოეკლათ ღვთის რჩეული, თავს დაეცნენ და სასტიკად გვემეს იგი, ვითარმედ ვერ შესაძლებელ არს იგი კაცთაგან ეგოდენი ტანჯვაჲ და გუემაჲ ყოფად”. ღმერთმა არ დაუშვა ანტონის სიკვდილი: მეორე დღეს საზრდელის მოსატანად მოსულმა ჭაბუკმა იპოვა ცოცხალ-მკვდარი მოსაგრე და სოფელში ჩაიყვანა. სოფლელებს წმიდანი მკვდარი ეგონათ და მის დასამარხად იწყეს მზადება, მაგრამ, შუაღამისას, ანტონი გონს მოვიდა და შეევედრა მეგობარს, „აღკიდებად და მიღებად სამარედვე და არავის განღჳიძებად” – მისი სიმტკიცე აღემატებოდა მტრის ძლიერებას. დემონები მაინც არ ცხრებოდნენ, ველურ მხეცებად და ქვეწარმავლებად გარდაისახნენ და ცდილობდნენ, არჩეული ადგილიდან დაეძევებინათ ბერი. წმიდა მამა ჯვრის საჭურველით განასხმიდა მათ. უეცრად ზეცით გარდამომავალი ბრწყინვალე ნათელი გამოჩნდა. ანტონი წყლულებისგან განიკურნა, წამოდგა და ნეტარებით ჰხადა უფალს: „სადა იყავ, რა არა პირველვე გამოჩნდი, რაჲთამცა სალმობანი ჩემნი დააცხრვენ”? პასუხად გაისმა: „აქა ვიყავ, ანტონ, არამედ მოველოდე ხილვად შენსა სიმჴნესა. ხოლო აწ, რამეთუ დაუთმე და არა იხილე, გექმნე შენ მარადის შემწე, და იყო შენ სახელოვან ყოველსა ქუეყანასა”. ამ დროს წმიდა მამა 35 წლის იყო. მან, უკვე დემონებთან ბრძოლაში საკმაოდ გამოცდილებით აღჭურვილმა, გადაწყვიტა, თებაიდის უდაბნოს სიღრმეში შესულიყო და იქ განეგრძო მოღვაწეობა მარტოდმარტო, სრულ მდუმარებაში. ეშმაკი ცდილობდა, შეეჩერებინა მანამდე არნახულ ღვაწლს შემდგარი ბერი, ძვირფასეულობა და ოქრო დაუყარა წინ, ანტონმა კი გულგრილად ჩაუარა მათ და გზა განაგრძო. ერთი მთის მახლობლად ღირსმა მამამ მიტოვებული საკერპო შენიშნა, აქ დასახლდა და შემოსასვლელი ქვებით ამოქოლა. მოწაფეს მასთან წელიწადში ორჯერ მოჰქონდა საზრდელი, წყალს კი გალავანს შიგნით მდებარე ჭიდან იღებდა. სრულ მდუმარებაში გაატარა ღირსმა ანტონმა 20 წელი. უფლის ნებით მისი სამყოფელი გაცხადდა, სულიერი მოღვაწეობის მრავალმა მსურველმა მიაშურა უდაბნოს, ღირსი მამა სიყვარულით მოძღვრავდა სულიერ შვილებს.
311 წელს ეკლესიას განსაცდელის ჟამი დაუდგა: იმპერატორმა მაქსიმიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო. მოწამეობრივი აღსასრულის მაძიებელი ანტონი ალექსანდრიაში ჩავიდა. იგი აშკარად ემსახურებოდა პყრობილ ქრისტიანებს, ესწრებოდა მათ გასამართლებას, დაკითხვებს, მაგრამ მტარვალები მას არც შეხებიან: უფალმა არც ახლა ინება მისი სიკვდილი.
დევნის შეწყვეტის შემდეგ ნეტარი მოსაგრე დაუბრუნდა მეუდაბნოეობის ღვაწლს. ღმერთმა თავის რჩეულს სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: იგი ეშმაკებს განასხმიდა და სნეულებს კურნავდა. მნახველების სიმრავლე არღვევდა წმიდა მამის მყუდროებას, ამიტომ ის კიდევ უფრო შორს, „შიდა უდაბნოში” შევიდა და მთის მწვერვალზე დაემკვიდრა. ბერებმა მოძებნეს საყვარელი მოძღვარი და სთხოვეს, ზოგჯერ მაინც მოენახულებინა ისინი.
კიდევ ერთხელ მოუხდა ღირს ანტონს უდაბნოს დატოვება მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად მანიქეველთა და არიანელთა ცრუ სწავლებისაგან. არიანელებმა იცოდნენ, თუ რა დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ანტონი დიდი და ხმები დაჰყარეს, იგი ჩვენი სწავლების მიმდევარიაო. ამ ცილისწამების გასაქარვებლად ჩავიდა ნეტარი მამა ალექსანდრიაში და საჯაროდ შეაჩვენა ბილწი მწვალებლობა. ღირს ანტონისთან მოდიოდნენ წარმართი ფილოსოფოსები და ცდილობდნენ, თავიანთი ამაო ბრძნობით მოეტეხათ იგი, მაგრამ წმიდანი თავისი მარტივი და დამაჯერებელი პასუხებით სირცხვილეულ ჰყოფდა მათ.
მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე დიდი (+337, ხს. 21 მაისს) და მისი ძეები ანტონი დიდის მხურვალე თაყვანისმცემლები იყვნენ. მათ დედაქალაქში მოიწვიეს წმიდა მამა, მაგრამ მან არ ისურვა მეუდაბნოე ძმების დატოვება, იმპერატორები კი საპასუხო ეპისტოლით გააფრთხილა, არ გაამაყებულიყვნენ თავიანთი მაღალი მდგომარეობით და მარად ხსომებოდათ მომავალი სამსჯავრო: „უწყოდეთ, რამეთუ ქრისტე მეუფე არს”.
ღირსმა ანტონიმ 85 წელი დაჰყო უდაბნოში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან მოუწოდა ძმებს და ასე დამოძღვრა ისინი: „ისწრაფდით უფროჲსღა მიახლებად მარადის თავთა თქუენთა უფალსა და მერმე წმიდათა მისთა, რაჲთა სიკუდილისა შემდგომად საუკუნეთა მათ საყოფელთა, ვითარცა მეგობართა და მეცნიერთა, შეგიწყნარნენ თქუენ მათცა”. შემდეგ ანტონიმ ითხოვა, მისი გვამი იქვე უდაბნოში დაეფლათ და არ მოეწყოთ მისი დიდებული გადასვენება ალექსანდრიაში. ღირსი ანტონი მშვიდობით მიიცვალა 357 წელს, 105 წლის ასაკში. მისი ნეშტი ორმა მოწაფემ, მოძღვრის ანდერძისამებრ, უდაბნოში, ერთ განკრძალულ ადგილას მიაბარა მიწას.
ღირსი ანტონის ცხოვრება დაწვრილებით აღწერა წმიდა მღვდელმთავარმა ათანასე ალექსანდრიელმა. ეს ნაშრომი მართლმადიდებლური აგიოგრაფიის პირველი და ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. იოანე ოქროპირი წერდა, იგი ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოსო.
წმიდა ანტონიმ მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომელიც დღესაც ასაზრდოებს ქრისტიანთა სულებს.
544 წელს ღირსი მამის უხრწნელი ნაწილები ალექსანდრიაში გადაასვენეს. XV საუკუნეში კი ისინი არასში (საფრანგეთში), წმიდა ივლიანეს სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი
16 (29) იანვარი
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი. დაახლოებით 42 წელს, ჰეროდე აგრიპას ბრძანებით, პეტრე მოციქული მაცხოვრის სიტყვის ქადაგებისთვის შეიპყრეს და ჯაჭვით შეკრული საკანში გამოკეტეს. „ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს”. და აი, მოხდა სასწაული: „ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრჱსსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: „აღდეგ ადრე და დასცუეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა”. ანგელოზმა დახშულ კარებში გაატარა და სამშვიდობოს გამოიყვანა მოციქული (საქმე, 12,11-11). ქრისტიანებმა შეძლეს მოეპოვებინათ ეს ჯაჭვები და შეინახეს, როგორც სიწმიდე. მათთან რწმენით მიახლოებული სნეულები იკურნებოდნენ სხვადასხვა სალმობათაგან. ჯაჭვები იერუსალიმის ტაძარში ინახებოდა პატრიარქ იუბენალის დრომდე. ამ უკანასკნელმა კი იგი თეოდოსი უმცროსის მეუღლეს, ევდოკიას აჩუქა. ევდოკიამ სიწმინდე კონსტანტინეპოლში ჩაიტანა, შემდეგ კი ერთი ჯაჭვი თავის ასულს, ევდუქსიას გაუგზავნა. ევდუქსიამ რომში ტაძარი ააგო პეტრე მოციქულის სახელზე და სიწმიდე იქ დაასვენა. რომში ინახებოდა სხვა ჯაჭვებიც, რომლითაც თავი მოციქული თავისი ნეტარი აღსასრულის წინ იყო შეკრული. ყოველი წლის 16 იანვარს ამ სიწმინდეებს გამოაბრძანებდნენ ხოლმე თაყვანსაცემად.
☦️წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს) უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
სალომე უჯარმელი მირიან მეფის (ხს. 1 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი იყო. პეროჟავრაც ქართლის ერისთავის მეუღლე გახლდათ. მათ დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის“ - წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთეს და მუდამ იწვრთნებოდნენ წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.
ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.
ღვთის განგებით, წმიდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცმემლები, რომელთა შორისაც იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელიც. დედოფლებს „გამოსდიოდეს ნაკადულნი ცრემლთანი თუალთაგან მათთა განშორებისათვის მოძღვრისა მოღუაწისა და სნეულთა მკურნალისა“. მათ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულ წმიდანს ჰკითხეს: „ვინაჲ ანუ ვითარ მოშუერ შენ ქუეყანასა ჩუენსა, მაუწყე ჩუენ საქმე შენი! რაჲსა იტყჳ ტყვეობასა, ტყვეთა მხსნელო სანატრელო?“
წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15 იანვარს, წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს.
🇬🇪 1799 წელს გიორგი XII-მ, იგივე ზაქიჭამიამ, რუსეთის იმპერატორ პავლე I-ს რუსეთ-ქართლ-კახეთის ხელშეკრულების შესწორებები გაუგზავნა, რომლის შინაარსი შემდდგომში მდგომარეობდა:
1. ქართლ-კახეთის მეფე იღებს ვალდებულებას, რომ პირნათლად შეასრულოს ყველაფერი, რასაც რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომები ასრულებენ. იგი აღიარებს ყველა კანონსა და ბრძანებას, რომელსაც რუსეთის იმპერატორი გამოსცემს, ცნობს რუსეთის იმპერატორს საკუთარ ხელმწიფედ და თვითმპყრობლად.
2. გიორგი XII ითხოვს, რომ ის დარჩეს ქართლ-კახეთის მეფედ, ხოლო მის შემდეგ ქართლ-კახეთის მეფეებად დამტკიცდნენ მისი მემკვიდრეები, რომლებიც რუსეთის იმპერიის ერთგული ქვეშევრდომები იქნებიან.
3. ქართლ-კახეთის სამეფოში რუსეთის საიმპერატორო კარის მიერ დადგენილი მმართველობა და კანონები უნდა გატარდეს, მაგრამ ის მისაღები უნდა იყოს ქართველი ხალხისათვის.
4. თავის მხრივ, ქართლ-კახეთის მეფეებს რუსეთის იმპერატორის ბრძანებულების გარეშე უფლება არ უნდა ჰქონდეთ საკუთარი კანონების გამოცემისა.
6. ქართლ-კახეთის სამეფოს მთელი შემოსავალი უნდა გადაეცეს რუსეთის იმპერიის ხელისუფლებას საჭიროების შემთხვევაში.
7. გიორგი XII ქართლ-კახეთის ციხე-სიმაგრეებში ექვსი ათასიანი მუდმივი ჯარის ჩაყენებას ითხოვს.
8. ქართლ-კახეთის საგარეო პოლიტიკა სრულიად იქნება შეთანხმებული რუსეთის იმპერიასთან და რუსეთი უზრუნველყოფს თავისი ქვეშევრდომების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს.
▪️ეს იყო კატასტროფული შეცდომა.
📌რუსეთი ამას შემდგომ გამოიყენებს თავისი ქმედებების გასამართლებლად.
⌛️ 1799 წლის ნოემბრიდან ქართლ-კახეთში მასობრივად იწყებენ რუსული ჯარები შემოსვლას.
📝 ამ შესწორებების საფუძველზე რუსეთი ეტაპობრივად იწყებს კონტროლს როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკაზე, საკვანძო თანამდებობებზე კი თავისი ხალხის დანიშვნას.
🕰️ გიორგი მე XII გარდაიცვალა 28 დეკემბერს. ▪️ქვეყანაში კი სრული ქაოსი და ანარქია სუფევდა.
🔖 რუსეთმა ეს შესწორებები საბაბად გამოიყენა და 1801 წლის 12 სექტემბერს გამოიცა ალექსანდრე პირველის მანიფესტი ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების შესახებ.
⚔️ ცხადია, ქართლ-კახეთის მოსახლეობა ამას კატეგორიულად არ დაეთანხმა და დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, ორი დიდი აჯანყება მოაწყო 1804 და 1812-1813 წლებში. ▪️მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე აჯანყება რუსებმა წარმატებით ჩაახშეს.
🔹ამაში კი მათ ძალიან დაეხმარა ის კადრები, რომლებიც მათ დანიშნეს საკვანძო თანამდებობზე 1799-1800 წლებში.
❗️რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიას უნდოდა ქართლ-კახეთის დაპყრობა, ისევე როგორც სრულიად კავკასიისა, მაგრამ ცდილობდა, ეს ძალიან ფრთხილად გაეკეთებინა.
🔸გიორგი მე XII-მ კი, თავისი უნიათო და უგუნური პოლიტიკით, ხელი შეუწყო რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას!
ღირსი მამები, სინასა და რაითში მოწყვეტილნი მოღვაწეობდნენ სინას მთაზე და მის მახლობლად, მეწამული ზღვის ნაპირას მდებარე რაითის სავანეში -„ქუაბთა და მთათა და ნაპრალთა ქუეყანისათა“. ბერები საოცრად თავშეკავებული, ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდნენ: მთელი კვირის მანძილზე მდუმარებაში იმყოფებოდნენ, ერთმანეთისგან ფარულად მოღვაწეობდნენ და მხოლოდ შაბათსა და კვირას, ღვთისმსახურებაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს; იკვებებოდნენ მცირეოდენი ფინიკითა და წყლით, პურს საერთოდ არ ღებულობდნენ. „და იყვნეს იგინი, ვითარცა ანგელოზნი ღმრთის მსახურებასა შინა და პირნი მათნი ყჳთელ იყვნეს და ჴორცნი მათნი დამჭნარ მარხვითა და ღამის თევითა”.
312 წელს, ქრისტეშობიდან მესამე დღეს სინას მონასტერს სარკინოზები დაეცნენ და საშინელი ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს. ტაძრის მახლობლად მყოფმა ბერებმა კოშკს შეაფარეს თავი და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შეწევნას. ღმერთმაც წყალობის თვალით მოხედა თავის რჩეულებს და „აჩვენა თავსა ზედა მის მთისასა ცეცხლი ფრიად დიდი, რამეთუ ყოველი იგი მთაჲ კუამოდა, და ცეცხლი აღიწეოდა ვიდრე ცადამდე.” სარკინოზები საოცარმა სახილველმა დააფრთხო და გაიქცნენ, „ზოგი აქლემებისა მათისაჲ და საჭურველისა მათისაჲ დაყარეს შიშისაგან “.
მეორე დღეს ცოცხლად გადარჩენილმა მონაზვნებმა იწყეს „სვლად მთასა მას გარემო სენაკებსა მონაზონთასა“. 38 მოკლული ჰპოვეს, ორიც - მძიმედ დაჭრილი. საშინელი სახილველი იყო მოხუცი, ღვაწლმოსილი ბერების ცხედრები: „რომელსამე თავი მისი ტყავითა ოდენ ეკიდა ქედსა მისსა, და სხუაჲ ყოველადვე ორად განკუეთილ იდვა. და რომელსამე წყლულებათა სიმრავლითა თუალნი წამოცჳვნებულ იყვნეს, და სხუაჲ ჴელით და ფერჴით დაჭრილი იდვა, ვითარცა ჴუნდი”. იმედოვნებდნენ, რომ დაჭრილთაგან ერთი – ამბა საბა გადარჩენოდა, მაგრამ თავად იგი ძლიერ წუხდა ამის გამო, „ტიროდა და იგლოვდა და იტყოდა: ვაჲ მე, რომელმან ვიხილე ნავთსადგური მეუფისაჲ და ვერ შევედ მას შინა”. ის მხურვალედ ევედრებოდა უფალს, არ განეშორებინა იმ წმიდა მამებისგან, რომლებიც მისი სახელისათვის სიკვდილის ღირსნი შეიქნენ. ღმერთმა წყალობით მოხედა ბერს და წმიდათა მოწყვეტიდან ოთხი დღის შემდეგ მისი სულიც შეივედრა. „და აღასრულა ღმერთმან მის მიერ რიცხჳ მათი რიცხჳსაებრ წმიდათა ორმეოცთაჲსა”.
როგორც გაირკვა, სწორედ ამ დღეს საშინელი სისხლისღვრა გაჩაღებულა რაითშიც. რაითის მონასტერს ზღვიდან თავს დაესხნენ არაბთა ტომები – აბაშები, „რიცხჳ მათი ვითარ სამას კაც”. ამ დროს მონასტერში ორასამდე ერისკაცი იმყოფებოდა ოჯახით, ისინი აღსდგნენ ცოლ-შვილისა და სავანის ბერების დასაცავად, მაგრამ ვერას გახდნენ – ბრძოლაში გამოცდილმა და რაოდენობითაც აღმატებულმა მტერმა დაამარცხა და „წარტყუენეს ყრმები და დედები მათ თანა “.
ამის შემდეგ უღმრთოებმა ტაძარს თავშეფარებულ ბერებამდეც მიაღწიეს: „ვითარცა მჴეცნი მძჳნვარენი რბიოდეს და ჴმობდეს ჴმითა მაღლითა და უშუერითა “. მონასტრის წინამძღვარმა –პავლემ განამტკიცა ძმები, შემდეგ კი საკურთხევლისკენ პირმიქცეულმა ზეცად აღაპყრო ხელები და უფალს შემწეობა სთხოვა.
ამასობაში უღმრთოებმა ტაძრის კარებთან მჯდომი იერემია შეიპყრეს და წინამძღვრის ჩვენება მოსთხოვეს. „არა გიჩუენო თქუენ მამასახლისი ჩუენი“ - მტკიცედ უპასუხა ბერმა. უსჯულოებმა ხელ-ფეხი შეუკრეს „და დაადგინეს იგი შიშუველი და ესრეთ ესროდეს მას ისრითა, ვიდრემდის აღივსნეს ჴორცნი მისნი”. წმიდა იერემია არც განძრეულა, სიხარულით და მადლობით დაითმინა სატანჯველი და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.
როცა ეს პავლემ იხილა, გამოეყო ძმებს და განაცხადა: „აჰა, ესერა ვარ მე, რომელსა მეძიებთ”. უსჯულოებმა ახლა მას მიჰმართეს ცემით და გადამალული განძის ჩაბარება მოსთხოვეს, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ ვერაფერს მიიღებდნენ, ერთმა მათგანმა მახვილით თავი გაუპო წმიდანს „და დაეცა იგი მკუდარი შემდგომად დიდსა ტანჯვისა”.
ამის შემდეგ მეომრები ღრიალით შეიჭრნენ ტაძარში და დაერივნენ წმიდა მამებს: „იწყეს ცემად მათთა მახჳლითა, ვითარცა ვის უნდა: რომელსამე თავი წარჰკუეთეს და რომელიმე ორად განკუეთეს და რომელსამე მახჳლითა ნაწლევნი გამოუსხნიან გარე და რომელსამე მჴარსა ეხეთქნა და ორად განეპო, ვიდრე მკერდამდე, ვიდრემდის ესრÅთ მოწყვდნეს წმიდანი იგი მამანი “.
უღმრთოებს ძლიერ მოეწონათ ამბა სოლომონის ვაჟი, თხუთმეტი წლის სერგი და გადაწყვიტეს, თან წაეყვანათ იგი. როცა ყრმამ იხილა, რომ „არა მოჰკლავენ მას მოყუასთავე თჳსთა თანა და ეგულების წარყვანებაჲ მისი მათ თანა”, ჯერ მწარედ ატირდა, შემდეგ კი ძალა მოიკრიბა, განაგდო შიში, „აღიღო მახჳლი ერთი მათგანისაჲ და უხეთქნა მჴარსა ოდენ ჰაბაშისასა” - სიკვდილის მაძიებელს მტრის განრისხება სურდა. მიაღწია კიდეც თავისას: „ყოველნი განრისხნეს მის ზედა და დაჭრეს იგი მახჳლითა”.
როცა ხოცვა – ჟლეტისაგან მოიცალეს, ბარბაროსებმა ტაძრისა და სენაკების ჩხრეკა დაიწყეს – განძს ეძიებდნენ. „არა უწყოდეს უბადრუკთა, ვითარმედ არარაჲ აქუნდა წმიდათა მათ ქვეყანასა ზედა, არამედ ცათა შინა აქუს საფასÅ და სიხარული წარუვალი ქრისტÅს მიერ უფლისა ჩვენისა”. უსჯულოების სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა – მათ ტყვედ წასხმული ქალები და ბავშვებიც დახოცეს, მაგრამ თვითონაც საშინელი სასჯელი დაატყდათ თავს – მოყვასთა დასახმარებლად მოსულ ქრისტიანთა ლაშქარს ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა.
ამ დღეს აღსრულებული მამები „მონანი იყვნეს. ღმრთისანი, კეთილნი და რჩეულნი, და ღირს ყვნა იგინი ღმერთმან სიხარულისა სასუფეველისა მისისასა. ვევედრნეთ წმიდათა მათ, რაჲთა ითხოვონ ჩუენთჳს შეწევნაჲ.“
სინა-რაითის მამათა მოწყვეტა აღგვიწერა ამ მოვლენების თვითმხილველმა, ეგვიპტელმა ბერმა ამონიოსმა. მსგავსი უბედურება დატრიალებულა ამ მონასტერში ასი წლის შემდეგაც, რაზეც დაღუპვას სასწაულებრივად გადარჩენილმა ნილოს მმარხველმა (ხს. 12 ნოემბერს ) მოგვითხრო.
სინასა და რაითის მონასტრებში ამ დღეებში გაბრწყინებული წმიდანებიდან მხოლოდ რამოდენიმეს სახელია ცნობილი: საბა, ისაია, მოსე, მოწაფე მისი მოსე, იერემია, პავლე, ადამი, სერგი, დომნი, პროკლე, ისააკი, იპატი, მაკარი, მარკოზი, ბენიამინი, ევსევი და ილია.
წმიდა დედა ჩვენი და მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო, ქართველთა განმანათლებელი (IV)
14 (27) იანვარი
კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო, დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონისა და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ.
წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ, ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახსა და იორდანის გაღმა უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.
ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში.
ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს. ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: „წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი“. ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: „როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: „მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა“. გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეჭირა ხელში. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი.
ამის შემდეგ ნინომ ბიძას, პატრიარქ იუბენალს უამბო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ და გაუმჟღავნა სურვილი საქართველოში საქადაგებლად წასვლისა.
იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და უფალს შეჰღაღადა: „უფალო, ღმერთო მარადისობისაო, შეგავედრებ ობოლსა შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ მას ქადაგებად ღვთაებისა შენისა , რათა ახაროს აღდგომა შენი და სადაც სასურველი იყოს შენთვის მიმოსვლა და ქადაგება მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, მას მეგზურად, ნავთსადგურად, მოძღვრად და ენის შემაცნებელად ისე, ვითარცა იქმოდი ამას წინამორბედთა, მოშიშთა სახელისა შენისათა მიმართ“.
ეფესოში ჩასული ნინო შეხვდა მეფის ასულ რიფსიმეს და მის დედამძუძე გაიანეს, რომლებიც ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი დიოკლეტიანე. მას ძალზე მოეწონა რიფსიმე და გადაწყვიტა, ცოლად შეერთო იგი. წმიდა ქალწულები მიხვდნენ, რომ ეს მტრის ფარული ხრიკები იყო, ბილწთა და საძაგელთა კერპთა თაყვანისმცემელი მეფე ვერ იქნებოდა მეუღლე ქრისტიანი ქალისა, რომელსაც ზეციური სასიძო ამოერჩია. წმიდა ნინო, რიფსიმე, გაიანე და მათთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხეთში გაიქცნენ.
დიოკლეტიანემ მალემსმრბოლები აფრინა ლტოლვილთა მოსაძიებლად, შემდეგ თრდატ სომეხთა მეფეს გაუგზავნა ეპისტოლე, აუწყა მომხდარი და უბრძანა: „მოიძიე იგი და რა იპოვნო, მხლებელნი მისნი სიკვდილით მოაკვდინე, ხოლო თვით ის, სახელად რიფსიმე, მე გამომიგზავნე. და თუ შენ გთნდეს, შენთვის დაიგულე, რამეთუ არავინ იპოვება სხვა მსგავსი იონთა ქვეყანაში“.
თრდატ მეფემ იპოვა ქალები, მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და მისი ცოლად შერთვა განიზრახა. წმიდანი არ დაემორჩილა მეფის სურვილს, რისთვისაც თრდატმა აწამა იგი დედამძუძე გაიანესა და სხვა 50 ქალწულთან ერთად.
წმიდა ნინო ვარდის ბუჩქებში დაიმალა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს. წმიდა ნინო საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან მან გაიცნო მცხეთელი მწყემსები, ისევ მიიღო ღვთისგან ზეგარდამო ლოცვა-კურთხევა „მცხეთას წარმართთა ქადაგებისა“, თანამგზავრებიც იპოვა და ტანჯვა-წვალებით მოაღწია ქალაქ ურბნისამდე. წმიდანმა იქ სულ ერთი თვე დაჰყო, არმაზის კერპის თაყვანისცემად წამოსულ ქართველებს ისიც შეუერთდა და ჩავიდა მცხეთაში.
საშინელი სანახაობა დახვდა იქ წმიდანს: მეფენი, მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდა კერპთა წინაშე. შეწუხდა ქალწული: „უფალო, მოხედენ წყალობით ამათ ზედა ნათესავთა. რათა ყოველმან ერმან მხოლოსა ღმერთსა თაყვანის –გცენ იესოს მიერ ძისა შენისა“,- შეჰღაღადა მან ღმერთს. დაბერა საშინელმა ქარმა, წამოვიდა სეტყვა და შეიმუსრა კერპები. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა .
წმიდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა, უშვილო ოჯახს წმიდა ნინოს ლოცვით ღმერთმა მიჰმადლა შვილი. გახარებულმა ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფა წმიდანს. ნინოს ირგვლივ თანდათან იკრიბებოდნენ ქრისტეს სჯულის თაყვანისმცემლები. ერთხელ ნანა დედოფალი სასიკვდილოდ დასნეულდა, სასოწარკვეთილი დედოფლის მსახურნი წმიდა ნინოსთან მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სახლში გაყოლა თხოვეს. „არა ბრძანებულ არს ჩემდა, რათა განვიდე, სადა შვება ჩვენი არა არს, არამედ დედოფალი მოვედინ საყოფელსა ამას ჩემსა და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტჱსითა“,- უპასუხა წმიდანმა. ნანა დედოფალი დამორჩილდა მოციქულთასწორის ბრძანებას. წმიდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ აღიარა ქრისტე.
ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ჯვარცმულის მოსავნი, მათ შორის თავად ნანა დედოფალიც, თუ ის არ დატოვებდა ქრისტეს სჯულს. ნადირობისას მოულოდნელად მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მირიან მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს. როცა იმედი გადაუწყდა, ქრისტეს შეევედრა: „ღმერთო ნინოსაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყვანის-ვსცე მას, აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა“. მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმიდა ნინო და აუწყა განზრახვა.
წმიდა მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა.
წმიდა ნინოს ცხოვრება მისივე მონათხრობიდან ჩაწერეს სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა (ხს. 15 იანვარს).
წმიდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო.
icons orthodoxy

“წმიდანთა ცხოვრება”, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ZNEOBA.GE
3 hours ago | [YT] | 148
View 2 replies
icons orthodoxy
ღირსი და ღმერთშემოსილი მამა ანტონი დიდი (+356)
17 (30) იანვარი

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
1 day ago | [YT] | 1,028
View 4 replies
icons orthodoxy
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი
16 (29) იანვარი
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი. დაახლოებით 42 წელს, ჰეროდე აგრიპას ბრძანებით, პეტრე მოციქული მაცხოვრის სიტყვის ქადაგებისთვის შეიპყრეს და ჯაჭვით შეკრული საკანში გამოკეტეს. „ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს”. და აი, მოხდა სასწაული: „ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრჱსსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: „აღდეგ ადრე და დასცუეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა”. ანგელოზმა დახშულ კარებში გაატარა და სამშვიდობოს გამოიყვანა მოციქული (საქმე, 12,11-11). ქრისტიანებმა შეძლეს მოეპოვებინათ ეს ჯაჭვები და შეინახეს, როგორც სიწმიდე. მათთან რწმენით მიახლოებული სნეულები იკურნებოდნენ სხვადასხვა სალმობათაგან. ჯაჭვები იერუსალიმის ტაძარში ინახებოდა პატრიარქ იუბენალის დრომდე. ამ უკანასკნელმა კი იგი თეოდოსი უმცროსის მეუღლეს, ევდოკიას აჩუქა. ევდოკიამ სიწმინდე კონსტანტინეპოლში ჩაიტანა, შემდეგ კი ერთი ჯაჭვი თავის ასულს, ევდუქსიას გაუგზავნა. ევდუქსიამ რომში ტაძარი ააგო პეტრე მოციქულის სახელზე და სიწმიდე იქ დაასვენა. რომში ინახებოდა სხვა ჯაჭვებიც, რომლითაც თავი მოციქული თავისი ნეტარი აღსასრულის წინ იყო შეკრული. ყოველი წლის 16 იანვარს ამ სიწმინდეებს გამოაბრძანებდნენ ხოლმე თაყვანსაცემად.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
2 days ago | [YT] | 652
View 8 replies
icons orthodoxy
☦️წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს) უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
სალომე უჯარმელი მირიან მეფის (ხს. 1 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი იყო. პეროჟავრაც ქართლის ერისთავის მეუღლე გახლდათ. მათ დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის“ - წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთეს და მუდამ იწვრთნებოდნენ წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.
ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.
ღვთის განგებით, წმიდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცმემლები, რომელთა შორისაც იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელიც. დედოფლებს „გამოსდიოდეს ნაკადულნი ცრემლთანი თუალთაგან მათთა განშორებისათვის მოძღვრისა მოღუაწისა და სნეულთა მკურნალისა“. მათ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულ წმიდანს ჰკითხეს: „ვინაჲ ანუ ვითარ მოშუერ შენ ქუეყანასა ჩუენსა, მაუწყე ჩუენ საქმე შენი! რაჲსა იტყჳ ტყვეობასა, ტყვეთა მხსნელო სანატრელო?“
წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15 იანვარს, წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს.
2 days ago | [YT] | 587
View 11 replies
icons orthodoxy
🇬🇪 1799 წელს გიორგი XII-მ, იგივე ზაქიჭამიამ, რუსეთის იმპერატორ პავლე I-ს რუსეთ-ქართლ-კახეთის ხელშეკრულების შესწორებები გაუგზავნა, რომლის შინაარსი შემდდგომში მდგომარეობდა:
1. ქართლ-კახეთის მეფე იღებს ვალდებულებას, რომ პირნათლად შეასრულოს ყველაფერი, რასაც რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომები ასრულებენ. იგი აღიარებს ყველა კანონსა და ბრძანებას, რომელსაც რუსეთის იმპერატორი გამოსცემს, ცნობს რუსეთის იმპერატორს საკუთარ ხელმწიფედ და თვითმპყრობლად.
2. გიორგი XII ითხოვს, რომ ის დარჩეს ქართლ-კახეთის მეფედ, ხოლო მის შემდეგ ქართლ-კახეთის მეფეებად დამტკიცდნენ მისი მემკვიდრეები, რომლებიც რუსეთის იმპერიის ერთგული ქვეშევრდომები იქნებიან.
3. ქართლ-კახეთის სამეფოში რუსეთის საიმპერატორო კარის მიერ დადგენილი მმართველობა და კანონები უნდა გატარდეს, მაგრამ ის მისაღები უნდა იყოს ქართველი ხალხისათვის.
4. თავის მხრივ, ქართლ-კახეთის მეფეებს რუსეთის იმპერატორის ბრძანებულების გარეშე უფლება არ უნდა ჰქონდეთ საკუთარი კანონების გამოცემისა.
6. ქართლ-კახეთის სამეფოს მთელი შემოსავალი უნდა გადაეცეს რუსეთის იმპერიის ხელისუფლებას საჭიროების შემთხვევაში.
7. გიორგი XII ქართლ-კახეთის ციხე-სიმაგრეებში ექვსი ათასიანი მუდმივი ჯარის ჩაყენებას ითხოვს.
8. ქართლ-კახეთის საგარეო პოლიტიკა სრულიად იქნება შეთანხმებული რუსეთის იმპერიასთან და რუსეთი უზრუნველყოფს თავისი ქვეშევრდომების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს.
▪️ეს იყო კატასტროფული შეცდომა.
📌რუსეთი ამას შემდგომ გამოიყენებს თავისი ქმედებების გასამართლებლად.
⌛️ 1799 წლის ნოემბრიდან ქართლ-კახეთში მასობრივად იწყებენ რუსული ჯარები შემოსვლას.
📝 ამ შესწორებების საფუძველზე რუსეთი ეტაპობრივად იწყებს კონტროლს როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკაზე, საკვანძო თანამდებობებზე კი თავისი ხალხის დანიშვნას.
🕰️ გიორგი მე XII გარდაიცვალა 28 დეკემბერს.
▪️ქვეყანაში კი სრული ქაოსი და ანარქია სუფევდა.
🔖 რუსეთმა ეს შესწორებები საბაბად გამოიყენა და 1801 წლის 12 სექტემბერს გამოიცა ალექსანდრე პირველის მანიფესტი ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების შესახებ.
⚔️ ცხადია, ქართლ-კახეთის მოსახლეობა ამას კატეგორიულად არ დაეთანხმა და დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, ორი დიდი აჯანყება მოაწყო 1804 და 1812-1813 წლებში.
▪️მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე აჯანყება რუსებმა წარმატებით ჩაახშეს.
🔹ამაში კი მათ ძალიან დაეხმარა ის კადრები, რომლებიც მათ დანიშნეს საკვანძო თანამდებობზე 1799-1800 წლებში.
❗️რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიას უნდოდა ქართლ-კახეთის დაპყრობა, ისევე როგორც სრულიად კავკასიისა, მაგრამ ცდილობდა, ეს ძალიან ფრთხილად გაეკეთებინა.
🔸გიორგი მე XII-მ კი, თავისი უნიათო და უგუნური პოლიტიკით, ხელი შეუწყო რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას!
2 days ago | [YT] | 112
View 2 replies
icons orthodoxy
ღირსი მამები, სინასა და რაითში მოწყვეტილნი მოღვაწეობდნენ სინას მთაზე და მის მახლობლად, მეწამული ზღვის ნაპირას მდებარე რაითის სავანეში -„ქუაბთა და მთათა და ნაპრალთა ქუეყანისათა“. ბერები საოცრად თავშეკავებული, ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდნენ: მთელი კვირის მანძილზე მდუმარებაში იმყოფებოდნენ, ერთმანეთისგან ფარულად მოღვაწეობდნენ და მხოლოდ შაბათსა და კვირას, ღვთისმსახურებაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს; იკვებებოდნენ მცირეოდენი ფინიკითა და წყლით, პურს საერთოდ არ ღებულობდნენ. „და იყვნეს იგინი, ვითარცა ანგელოზნი ღმრთის მსახურებასა შინა და პირნი მათნი ყჳთელ იყვნეს და ჴორცნი მათნი დამჭნარ მარხვითა და ღამის თევითა”.
312 წელს, ქრისტეშობიდან მესამე დღეს სინას მონასტერს სარკინოზები დაეცნენ და საშინელი ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს. ტაძრის მახლობლად მყოფმა ბერებმა კოშკს შეაფარეს თავი და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შეწევნას. ღმერთმაც წყალობის თვალით მოხედა თავის რჩეულებს და „აჩვენა თავსა ზედა მის მთისასა ცეცხლი ფრიად დიდი, რამეთუ ყოველი იგი მთაჲ კუამოდა, და ცეცხლი აღიწეოდა ვიდრე ცადამდე.” სარკინოზები საოცარმა სახილველმა დააფრთხო და გაიქცნენ, „ზოგი აქლემებისა მათისაჲ და საჭურველისა მათისაჲ დაყარეს შიშისაგან “.
მეორე დღეს ცოცხლად გადარჩენილმა მონაზვნებმა იწყეს „სვლად მთასა მას გარემო სენაკებსა მონაზონთასა“. 38 მოკლული ჰპოვეს, ორიც - მძიმედ დაჭრილი. საშინელი სახილველი იყო მოხუცი, ღვაწლმოსილი ბერების ცხედრები: „რომელსამე თავი მისი ტყავითა ოდენ ეკიდა ქედსა მისსა, და სხუაჲ ყოველადვე ორად განკუეთილ იდვა. და რომელსამე წყლულებათა სიმრავლითა თუალნი წამოცჳვნებულ იყვნეს, და სხუაჲ ჴელით და ფერჴით დაჭრილი იდვა, ვითარცა ჴუნდი”. იმედოვნებდნენ, რომ დაჭრილთაგან ერთი – ამბა საბა გადარჩენოდა, მაგრამ თავად იგი ძლიერ წუხდა ამის გამო, „ტიროდა და იგლოვდა და იტყოდა: ვაჲ მე, რომელმან ვიხილე ნავთსადგური მეუფისაჲ და ვერ შევედ მას შინა”. ის მხურვალედ ევედრებოდა უფალს, არ განეშორებინა იმ წმიდა მამებისგან, რომლებიც მისი სახელისათვის სიკვდილის ღირსნი შეიქნენ. ღმერთმა წყალობით მოხედა ბერს და წმიდათა მოწყვეტიდან ოთხი დღის შემდეგ მისი სულიც შეივედრა. „და აღასრულა ღმერთმან მის მიერ რიცხჳ მათი რიცხჳსაებრ წმიდათა ორმეოცთაჲსა”.
როგორც გაირკვა, სწორედ ამ დღეს საშინელი სისხლისღვრა გაჩაღებულა რაითშიც. რაითის მონასტერს ზღვიდან თავს დაესხნენ არაბთა ტომები – აბაშები, „რიცხჳ მათი ვითარ სამას კაც”. ამ დროს მონასტერში ორასამდე ერისკაცი იმყოფებოდა ოჯახით, ისინი აღსდგნენ ცოლ-შვილისა და სავანის ბერების დასაცავად, მაგრამ ვერას გახდნენ – ბრძოლაში გამოცდილმა და რაოდენობითაც აღმატებულმა მტერმა დაამარცხა და „წარტყუენეს ყრმები და დედები მათ თანა “.
ამის შემდეგ უღმრთოებმა ტაძარს თავშეფარებულ ბერებამდეც მიაღწიეს: „ვითარცა მჴეცნი მძჳნვარენი რბიოდეს და ჴმობდეს ჴმითა მაღლითა და უშუერითა “. მონასტრის წინამძღვარმა –პავლემ განამტკიცა ძმები, შემდეგ კი საკურთხევლისკენ პირმიქცეულმა ზეცად აღაპყრო ხელები და უფალს შემწეობა სთხოვა.
ამასობაში უღმრთოებმა ტაძრის კარებთან მჯდომი იერემია შეიპყრეს და წინამძღვრის ჩვენება მოსთხოვეს. „არა გიჩუენო თქუენ მამასახლისი ჩუენი“ - მტკიცედ უპასუხა ბერმა. უსჯულოებმა ხელ-ფეხი შეუკრეს „და დაადგინეს იგი შიშუველი და ესრეთ ესროდეს მას ისრითა, ვიდრემდის აღივსნეს ჴორცნი მისნი”. წმიდა იერემია არც განძრეულა, სიხარულით და მადლობით დაითმინა სატანჯველი და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.
როცა ეს პავლემ იხილა, გამოეყო ძმებს და განაცხადა: „აჰა, ესერა ვარ მე, რომელსა მეძიებთ”. უსჯულოებმა ახლა მას მიჰმართეს ცემით და გადამალული განძის ჩაბარება მოსთხოვეს, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ ვერაფერს მიიღებდნენ, ერთმა მათგანმა მახვილით თავი გაუპო წმიდანს „და დაეცა იგი მკუდარი შემდგომად დიდსა ტანჯვისა”.
ამის შემდეგ მეომრები ღრიალით შეიჭრნენ ტაძარში და დაერივნენ წმიდა მამებს: „იწყეს ცემად მათთა მახჳლითა, ვითარცა ვის უნდა: რომელსამე თავი წარჰკუეთეს და რომელიმე ორად განკუეთეს და რომელსამე მახჳლითა ნაწლევნი გამოუსხნიან გარე და რომელსამე მჴარსა ეხეთქნა და ორად განეპო, ვიდრე მკერდამდე, ვიდრემდის ესრÅთ მოწყვდნეს წმიდანი იგი მამანი “.
უღმრთოებს ძლიერ მოეწონათ ამბა სოლომონის ვაჟი, თხუთმეტი წლის სერგი და გადაწყვიტეს, თან წაეყვანათ იგი. როცა ყრმამ იხილა, რომ „არა მოჰკლავენ მას მოყუასთავე თჳსთა თანა და ეგულების წარყვანებაჲ მისი მათ თანა”, ჯერ მწარედ ატირდა, შემდეგ კი ძალა მოიკრიბა, განაგდო შიში, „აღიღო მახჳლი ერთი მათგანისაჲ და უხეთქნა მჴარსა ოდენ ჰაბაშისასა” - სიკვდილის მაძიებელს მტრის განრისხება სურდა. მიაღწია კიდეც თავისას: „ყოველნი განრისხნეს მის ზედა და დაჭრეს იგი მახჳლითა”.
როცა ხოცვა – ჟლეტისაგან მოიცალეს, ბარბაროსებმა ტაძრისა და სენაკების ჩხრეკა დაიწყეს – განძს ეძიებდნენ. „არა უწყოდეს უბადრუკთა, ვითარმედ არარაჲ აქუნდა წმიდათა მათ ქვეყანასა ზედა, არამედ ცათა შინა აქუს საფასÅ და სიხარული წარუვალი ქრისტÅს მიერ უფლისა ჩვენისა”. უსჯულოების სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა – მათ ტყვედ წასხმული ქალები და ბავშვებიც დახოცეს, მაგრამ თვითონაც საშინელი სასჯელი დაატყდათ თავს – მოყვასთა დასახმარებლად მოსულ ქრისტიანთა ლაშქარს ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა.
ამ დღეს აღსრულებული მამები „მონანი იყვნეს. ღმრთისანი, კეთილნი და რჩეულნი, და ღირს ყვნა იგინი ღმერთმან სიხარულისა სასუფეველისა მისისასა. ვევედრნეთ წმიდათა მათ, რაჲთა ითხოვონ ჩუენთჳს შეწევნაჲ.“
სინა-რაითის მამათა მოწყვეტა აღგვიწერა ამ მოვლენების თვითმხილველმა, ეგვიპტელმა ბერმა ამონიოსმა. მსგავსი უბედურება დატრიალებულა ამ მონასტერში ასი წლის შემდეგაც, რაზეც დაღუპვას სასწაულებრივად გადარჩენილმა ნილოს მმარხველმა (ხს. 12 ნოემბერს ) მოგვითხრო.
სინასა და რაითის მონასტრებში ამ დღეებში გაბრწყინებული წმიდანებიდან მხოლოდ რამოდენიმეს სახელია ცნობილი: საბა, ისაია, მოსე, მოწაფე მისი მოსე, იერემია, პავლე, ადამი, სერგი, დომნი, პროკლე, ისააკი, იპატი, მაკარი, მარკოზი, ბენიამინი, ევსევი და ილია.
2 days ago | [YT] | 366
View 2 replies
icons orthodoxy
📌 ვერცერთი მღვდელი ბედავდა, გამხდარიყო ჩემი მოძღვარი, სიკვდილის შიშით.
▪️ხშირი იყო ტერორის შემთხვევები…
🙏 ერთადერთი იყო მამა გაბრიელი, სალოსი გოდერძი ურგებაძე, რომელიც ბედავდა ჩემთან საუბარს, ვინაიდან სიკვდილის არ ეშინოდა.
☦️ მან ერთადერთმა გაბედა მოენათლა ჩემი ვაჟი ცოტნე, (სუკის შერისხვა შვილებზეც გრძელდებოდა) ისიც თავის ბინაში, სადაც სამლოცველო ჰქონდა მოწყობილი.
/ზვიად გამსახურდია/
წყარო: fb მატიანე
3 days ago | [YT] | 314
View 4 replies
icons orthodoxy
ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ
(წმინდა ავგუსტინეს მიხედვით)
სიკვდილი არა არის რა.
მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.
მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენა ხარ.
რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, ისევ ვართ საუკუნოდ.
ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს.
ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.
ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი.
ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს.
გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა.
ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე.
ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა,
ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე.
სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა.
იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო. ძაფი არ გამწყდარა.
რად გგონივარ შენს ფიქრთა გარეთ?
იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ?
მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ...
ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის...
ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ.
თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი.
თუ ძალგიძს, გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო!..
თუ ძალგიძს, იხილო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი,
ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ!..
თუ წამით ძალგიძს, ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას,
რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება!..
როგორ! თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში, მხედავდი და გიყვარდი,
წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?
გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა,
როცა ერთ დღესაც, მხოლოდ ღვთისათვის ცნობილ და ღვთისაგან დადგენილ დღეს,
შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო,
იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ,
კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას ჰპოვებ,
ოღონდ უფრო განწმენდილს.
შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ.
3 days ago | [YT] | 1,161
View 23 replies
icons orthodoxy
წმიდა დედა ჩვენი და მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო, ქართველთა განმანათლებელი (IV)
14 (27) იანვარი
კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო, დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონისა და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ.
წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ, ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახსა და იორდანის გაღმა უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.
ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში.
ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს. ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: „წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი“. ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: „როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: „მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა“. გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეჭირა ხელში. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი.
ამის შემდეგ ნინომ ბიძას, პატრიარქ იუბენალს უამბო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ და გაუმჟღავნა სურვილი საქართველოში საქადაგებლად წასვლისა.
იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და უფალს შეჰღაღადა: „უფალო, ღმერთო მარადისობისაო, შეგავედრებ ობოლსა შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ მას ქადაგებად ღვთაებისა შენისა , რათა ახაროს აღდგომა შენი და სადაც სასურველი იყოს შენთვის მიმოსვლა და ქადაგება მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, მას მეგზურად, ნავთსადგურად, მოძღვრად და ენის შემაცნებელად ისე, ვითარცა იქმოდი ამას წინამორბედთა, მოშიშთა სახელისა შენისათა მიმართ“.
ეფესოში ჩასული ნინო შეხვდა მეფის ასულ რიფსიმეს და მის დედამძუძე გაიანეს, რომლებიც ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი დიოკლეტიანე. მას ძალზე მოეწონა რიფსიმე და გადაწყვიტა, ცოლად შეერთო იგი. წმიდა ქალწულები მიხვდნენ, რომ ეს მტრის ფარული ხრიკები იყო, ბილწთა და საძაგელთა კერპთა თაყვანისმცემელი მეფე ვერ იქნებოდა მეუღლე ქრისტიანი ქალისა, რომელსაც ზეციური სასიძო ამოერჩია. წმიდა ნინო, რიფსიმე, გაიანე და მათთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხეთში გაიქცნენ.
დიოკლეტიანემ მალემსმრბოლები აფრინა ლტოლვილთა მოსაძიებლად, შემდეგ თრდატ სომეხთა მეფეს გაუგზავნა ეპისტოლე, აუწყა მომხდარი და უბრძანა: „მოიძიე იგი და რა იპოვნო, მხლებელნი მისნი სიკვდილით მოაკვდინე, ხოლო თვით ის, სახელად რიფსიმე, მე გამომიგზავნე. და თუ შენ გთნდეს, შენთვის დაიგულე, რამეთუ არავინ იპოვება სხვა მსგავსი იონთა ქვეყანაში“.
თრდატ მეფემ იპოვა ქალები, მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და მისი ცოლად შერთვა განიზრახა. წმიდანი არ დაემორჩილა მეფის სურვილს, რისთვისაც თრდატმა აწამა იგი დედამძუძე გაიანესა და სხვა 50 ქალწულთან ერთად.
წმიდა ნინო ვარდის ბუჩქებში დაიმალა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს. წმიდა ნინო საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან მან გაიცნო მცხეთელი მწყემსები, ისევ მიიღო ღვთისგან ზეგარდამო ლოცვა-კურთხევა „მცხეთას წარმართთა ქადაგებისა“, თანამგზავრებიც იპოვა და ტანჯვა-წვალებით მოაღწია ქალაქ ურბნისამდე. წმიდანმა იქ სულ ერთი თვე დაჰყო, არმაზის კერპის თაყვანისცემად წამოსულ ქართველებს ისიც შეუერთდა და ჩავიდა მცხეთაში.
საშინელი სანახაობა დახვდა იქ წმიდანს: მეფენი, მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდა კერპთა წინაშე. შეწუხდა ქალწული: „უფალო, მოხედენ წყალობით ამათ ზედა ნათესავთა. რათა ყოველმან ერმან მხოლოსა ღმერთსა თაყვანის –გცენ იესოს მიერ ძისა შენისა“,- შეჰღაღადა მან ღმერთს. დაბერა საშინელმა ქარმა, წამოვიდა სეტყვა და შეიმუსრა კერპები. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა .
წმიდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა, უშვილო ოჯახს წმიდა ნინოს ლოცვით ღმერთმა მიჰმადლა შვილი. გახარებულმა ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფა წმიდანს. ნინოს ირგვლივ თანდათან იკრიბებოდნენ ქრისტეს სჯულის თაყვანისმცემლები. ერთხელ ნანა დედოფალი სასიკვდილოდ დასნეულდა, სასოწარკვეთილი დედოფლის მსახურნი წმიდა ნინოსთან მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სახლში გაყოლა თხოვეს. „არა ბრძანებულ არს ჩემდა, რათა განვიდე, სადა შვება ჩვენი არა არს, არამედ დედოფალი მოვედინ საყოფელსა ამას ჩემსა და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტჱსითა“,- უპასუხა წმიდანმა. ნანა დედოფალი დამორჩილდა მოციქულთასწორის ბრძანებას. წმიდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ აღიარა ქრისტე.
ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ჯვარცმულის მოსავნი, მათ შორის თავად ნანა დედოფალიც, თუ ის არ დატოვებდა ქრისტეს სჯულს. ნადირობისას მოულოდნელად მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მირიან მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს. როცა იმედი გადაუწყდა, ქრისტეს შეევედრა: „ღმერთო ნინოსაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყვანის-ვსცე მას, აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა“. მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმიდა ნინო და აუწყა განზრახვა.
წმიდა მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა.
წმიდა ნინოს ცხოვრება მისივე მონათხრობიდან ჩაწერეს სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა (ხს. 15 იანვარს).
წმიდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
4 days ago | [YT] | 752
View 9 replies
Load more